ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ორმხრივი ურთიერთობების და განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით, საქართველო ავსტრიის მნიშვნელოვანი პარტნიორია
ორმხრივი ურთიერთობების და განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით, საქართველო ავსტრიის მნიშვნელოვანი პარტნიორია, – განაცხადა ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ბეათე მაინლ-რაიზინგერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ბეათე მაინლ-რაიზინგერმა აღნიშნა, რომ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი იყო.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, ავსტრიამ და საქართველომ გააერთიანონ ძალები, რუსული მცდარი ნარატივების და დეზინფორმაციის წინააღმდეგ.
„ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, ისევე როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით. საქართველო განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით ცენტრალური ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს კარგი ეკონომიკური ურთიერთობები, და მათი შემდგომი გაღრმავება ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. უკრაინაში რუსეთის განგრძობადი აგრესიული ომის კონტექსტში, ორივე ქვეყანას გვესაჭიროება მედეგობის გაძლიერება, რის შესახებაც შეხვედრაზე უკვე ვესაუბრეთ. რუსეთი აგრძელებს ჩვენი ინსტიტუტებისა და საზოგადოების დესტაბილიზაციის მცდელობებს, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა რუსეთის მხრიდან ცრუ ნარატივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად.
რუსეთი ვერ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევებისთვის. თუ საერთაშორისო წესრიგი წესების ნაცვლად იმ იდეას უნდა დაეფუძნოს, რომ „სიმართლე ძალაშია“, შედეგები ისეთ ქვეყნებისთვის, როგორიც ავსტრია და საქართველოა, მასშტაბური იქნება. სწორედ ამიტომ, ავსტრია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენი განხილვების მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები“, – აღნიშნა ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ბეათე მაინლ-რაიზინგერმა.
მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის შესახებ უპასუხა და აღნიშნა, რომ შს მინისტრთან ერთად მუდმივად ხდება ვითარების შეფასება და საქართველო უსაფრთხო ქვეყნად რჩება.
„რაც შეეხება თქვენს შეკითხვას უსაფრთხო ქვეყნის თემაზე, დღეს ეს არ ყოფილა განხილვის საკითხი. ჩვენ რა თქმა უნდა, მუდმივად ვაფასებთ სიტუაციას შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად“, – აღნიშნა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.