“ნანუკას ფონდი” ძალადობრივ ქმედებებს ახალისებს, რაც ქველმოქმედებად ვერ ჩაითვლება” – დავით ჩიხელიძე

“რამდენიმე სიტყვა ე.წ. ფონდების დაყადაღების შესახებ. კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” სააკაშვილის პროცესთან და ე.წ. ფონდებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი, კარგად აპრობირებული მეთოდით მოქმედებს”, – ამის შესახებ, ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩიხელიძე განმარტავს, ისინი სასამართლოს/საგამოძიებო სტრუქტურების დისკრედიტაციას და საქმისთვის კომიკური სახის მიცემას ცდილობენ, რითაც საზოგადოებაში არასწორ აღქმებს აჩენენ და მათზე ემოციურ ზემოქმედებას ანხორციელებენ.

“სააკაშვილის საქმე, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას შეეხებოდა, პიჯაკების საქმედ მონათლეს, დაცვის მხარე მხოლოდ პიჯაკებზე აპელირებდა, მაშინ როცა საქმეში რეალურად პიჯაკების წილი 0.001%არის, დანარჩენს კი, ბიუჯეტის ხარჯზე დასვენება, შვილების სწავლისთვის გადახდილი თანხა, საჩუქრების ყიდვა და ა.შ. შეადგენს. ოპოზიცია იმავე ტაქტიკას იყენებს ფონდებთან დაკავშირებით, ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან განწყობა, რომ ფონდები საქველმოქმედო მიზნებს ემსახურებოდნენ და რეალურად ქველმოქმედების გამო სჯიან, სჯიან იმიტომ რომ x-ს ბებოს კომუნალური გადასახადი გადაუხადეს და ა.შ. განსაკუთრებულ აქცენტს კი ნანუკაზე და მის ფონდზე აკეთებენ.

„გმირი“ არასწორად შეარჩიეთ მეგობრებო, შორს რომ არ წავიდეთ ნანუკას წარსულიდან მხოლოდ ერთი ფაქტის გახსენებაც საკმარისია, რომ დავინახოთ, მისი სიკეთისადმი მიდრეკილება და მზრუნველობისკენ სწრაფვა პიარული სვლაა და არა ბუნებრივად განხორციელებული ქმედება. ე.წ. სვანი ბიჭების საქმე გახსოვთ? როდესაც ნანუკასთან ზარის გაშვების გამო, ადამიანებს ნარკოტიკები და ხელყუმბარები ჩაუდეს? უბრალოდ ზარის გამო! ეს არის ნანუკას სიკეთის ანატომია, ერთი ზარის გამო ბიჭები ციხისთვის გაიმეტა. ასევე გავიხსენოთ ნანუკას და ავტომანქანა „რენდ როვერის“ ისტორია, როდესაც ავტომანქანა მეპატრონეს მხოლოდ იმიტომ წაართვეს, რომ ნანუკას მოეწონა!

ახლა კი ფონდებს დავუბრუნდეთ, “ნანუკას ფონდი” ძალადობრივ ქმედებებს ახალისებს, რაც ქველმოქმედებად ვერ ჩაითვლება. ფონდის მიერ ხორციელდება ჯარიმების გადახდა, ხდება ნივთების შეძენა, რომელიც შემდგომ პოლიციის წინააღმდეგ გამოიყენება და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. ფონდის მიერ განხორციელებული ფინანსური აქტივობები არ ემსახურება კეთილშობილურ მიზნებს, ის სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული! რაზეც სახელმწიფოს შესაბამისი, კანონით გათვალისწინებული რეაგირება აქვს!”, – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები