გია ვოლსკი: სტრასბურგს რამდენჯერაც მიადგნენ, იმდენჯერ ფიასკო მიიღეს
“სტრასბურგს რამდენჯერაც მიადგნენ, იმდენჯერ ფიასკო მიიღეს,“ – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი საიას ბრიფინგს სადაც განაცხადეს, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფარულობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით მათი სარჩელი დაარეგისტრირა.
ვოლსკის თქმით, ამ სარჩელის არანაირი ლოგიკური საფუძველი არ არსებობს.
“სტრასბურგს რამდენჯერაც მიადგნენ, იმდენჯერ ფიასკო მიიღეს, ნებისმიერ საკითხთან მიმართებით. სტრასბურგმა დაადასტურა, რომ სააკაშვილმა შექმნა წამების სისტემა, სტრასბურგი საერთოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსყიდულ სტრუქტურად გამოაცხადეს, ყველას გვახსოვს. ვფიქრობ, ეს ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი საშუალებაა, ვინაიდან იმ სარჩელის ლოგიკური საფუძველი არ არსებობს,” – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ცნობისთვის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომელიც, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხება.