საფრანგეთის პრეზიდენტი: მინდა მჯეროდეს, რომ აშშ ჩვენს მხარეს დარჩება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, თუ ასე არ იქნება
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპა ახალ ეპოქაში შედის მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა უკრაინასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა.
„შეერთებულმა შტატებმა, ჩვენმა მოკავშირემ, შეცვალა თავისი პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით, ნაკლებად უჭერს მხარს უკრაინას და ეჭვქვეშ აყენებს იმას, თუ რა მოხდება შემდეგში“, – აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში მშვიდობა სავარაუდოდ, ევროპული ძალების განლაგებით დადგება.
„იმ ძალების, რომლებიც არ წავლენ წინა ხაზზე საბრძოლველად, მაგრამ იქ იქნებიან, როდესაც მშვიდობა გაფორმდება, რათა მისი სრული პატივისცემა უზრუნველყონ“, – თქვა მაკრონმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საფრანგეთი მზად უნდა იყოს იმ შემთხვევისთვისაც, თუ შეერთებული შტატები მის გვერდით აღარ იქნება.
„მინდა მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვენს მხარეს დარჩება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, თუ ეს ასე არ იქნება“, – განაცხადა მაკრონმა.