საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, თანამედროვე რუსეთი საფრთხედ იქცა მთელი ევროპისთვის, მათ შორის საფრანგეთისთვის.
როგორც მაკრონი აღნიშნავს, ის ვერ ხედავს საფუძველს იმის დასაჯერებლად, რომ რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება.
„პირველივე დღიდან გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და სანქციები დავუწესოთ რუსეთს. და ჩვენ კარგად მოვიქეცით, რადგან საფრთხის ქვეშ არის არა მხოლოდ უკრაინელი ხალხი, რომელიც გაბედულად იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებაც. […] მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე. რუსული საფრთხე აქ არის და ის გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე.
რუსეთმა უკრაინის კონფლიქტი უკვე გლობალურ კონფლიქტად აქცია. პრეზიდენტ პუტინის რუსეთმა დაარღვია ჩვენი საზღვრები ოპონენტების მოსაკლავად, მანიპულაციას ახდენდა რუმინეთსა და მოლდოვაში გამართულ არჩევნებში.
ვის შეუძლია დაიჯეროს, ამ კონტექსტში, რომ დღევანდელი რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება? რუსეთი გახდა საფრთხე საფრანგეთისა და ევროპისთვის“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.