„ხატვით ადამიანი სულის შრეებში იხედება“ – ლევან მექერიშვილის პორტრეტები და დიდი სიყვარულის მარაგი

 ბავშვობიდან ხატავს, ოღონდ ასე, უცნაურად. არ უყვარს სტანდარტები, თავისებურია.
კარგად წერს,  უყვარს კითხვა, სამზარეულოში ცხობა, ჩხირკედელაობა. ბავშვები უყვარს, დიდი კეთილი ბავშვია, უსაზღვროდ კაცთმოყვარე და სულგრძელი. დედის დახასიათებიდანაა ეს სიტყვები. დედამ, პოეტმა ელისაბედ ჯავახიშვილმა ისიც გაგვანდო, რომ ცხრა შვილიდან ის ყველასგან განსხვავებული, დიდი სიყვარულის მარაგით არის სავსე. ადამიანთა მოყვარეა. – ლევან მექერიშვილის პერსონა.
 – საბავშვო ბაღიდან დავიწყე ხატვა, ჩემს სახლში ყველა ხატავდა. ჩემი უფროსი ძმა შალვა, მას დიდი ამაგი აქვს ჩემზე.. კარგი ხატმწერი გამოვიდოდა მისგან, ჯერ კიდევ რვა წლისამ მიიღო კურთხევა ხატების წერისა. ასე რომ, ალბათ მეც სურვილი, მეხატა გარემო პირობებმა მომცა.
ჩემი დედმამიშვილები (ცხრანი ვართ) თითქმის ყველა ხატავს…
– სკოლა და მხატვრობა…
– სკოლაში ძალიან რთული იყო ჩემთვის, ბოლო წლები მცხეთაში ვსწავლობდი. მიჭირდა კლასელებთან ურთიერთობა, სხვა ინტერესები ჰქონდათ. არასოდეს ვყვებოდი გაკვეთილს და ეგონათ, არ ვიცოდი. ეს პერიოდი (მძიმედ მახსენდება სულ) დედას უკითხავად, გონებაჩამორჩენილთა პროგრამაში ჩამსვეს. დედა ხშირად მოდიოდა სკოლაში. როცა გაიგო ეს ამბავი, დამამშვიდა, ნუ გეშინია, დე, ამათ მე მივხედავო. სახლიდან ყველა ჩემი ნახატი მოიტანა და დირექტორის ოთახში გრძელ მაგიდაზე გაშალა.
მახსოვს, როგორ ეძებდა სართულებზე დირექტორს. ასეთი აღელვებული არასოდეს მინახავს. როცა დირექტორმა ჩემი ნახატები ნახა, სკოლის დიდ ფოიეში გამოფენა მომიწყო. ეს იყო ჩემი პირველი გამოფენა, რომელმაც თავი ადამიანად მაგრძნობინა. დირექტორმა დედას ბოდიში მოუხადა და პედაგოგებს დაავალა, ცალკე ჩამებარებინა მათთვის გაკვეთილი. ასე აღმოვაჩინე საკუთარი შესაძლებლობები მეც და მათაც.
– ავტოპორტრეტი…
– პორტრეტების ხატვა მიყვარს, უფრო ქალების. ალბათ იმიტომ, რომ ოთხ დასთან ვიზრდებოდი. სულ პირველად ჩემი თავი დავხატე, მამრობითი სქესის. ეს ძალიან საინტერესო ამბავია მხატვრისთვის. დედამ ეს ნახატი სასადილო ოთახში თვალსაჩინო ადგილზე გამოფინა. პატარა ვიყავი და ჩემი თავი რამდენიმე წლით უფროსი დავხატე, როგორიც წარმომედგინა.. ხატვით ადამიანი სულის შრეებში იხედება და ხანდახან ისეთ რამეს პოულობს… ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც…
–   შთაგონება?
– შთაგონებას საიდან ვიღებ, რა მაძლევს?! დროდადრო მარტოობის ისეთი განცდა მიპყრობს. უცნაურია ამ სამყაროში არსებობა, ადამიანად ყოფნა. იმდენი უსამართლობა, ძალადობა, უსიყვარულობა. ეს ყველაფერი რთულია. გიჭირს ასეთ სამყაროში არსებობა და გარბიხარ თითქოს იქ, სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. ვიწყებ ხატვას და არასოდეს ვიცი, რას დავხატავ. ხან ორი ფერით დამიხატავს. იმიტომ რომ მუდმივად არ მაქვს სათანადო  მასალა, კარგი საღებავები ძალიან ძვირია, ფუნჯებიც.

დედასთან – ელისაბედ ჯავახიშვილთან ერთად

ერთხელ ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით და თითით დავხატე. დედასთან ვიყავი სამსახურში. მახსოვს, როგორ აღფრთოვანდა დედას მეგობარი ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე. იქვე გადაწყდა, რომ გამოფენა მოეწყოთ ჩემთვის. ჩემი ნახატით ხელში შემოირბინა დირექტორიდან დაწყებული ყველა.  მეორე გამოფენა ბოტანიკურ ბაღში ჩატარდა, ერთ ცნობილ მხატვართან ერთად („ბუძა” მისი მეტსახელია). მისმა მეგობარმა მხატვრებმა „პიკასო ორი“ დამარქვეს. ყველა ჩემი მოგონებაც  და შთაგონებაც დედას უკავშირდება, ისაა ჩემი ხატვის ინსპირაცია. მინდა გავახარო და ამით დიდ ბედნიერებას განვიცდი.
– გიყვართ კითხვა… თუ დაგიხატავთ რომელიმე ნაწარმოების გმირი?
– დამიხატავს ალექსანდრე ყაზბეგის გმირები. მიყვარს ყაზბეგი. ჩემს დისშვილებს ვუხატავ ხოლმე მულტფილმებიდან სხვადასხვა პერსონაჟს. მათ შორის – ვაჟა-ფშაველას ჯოყოლა. ჩემმა ძმამ ანდრიამ ზეპირად იცის „სტუმარ-მასპინძელი“ და როცა სადილობის შემდგომ ყველანი ერთად ვიკრიბებოდით, საღამოობით, ხმამაღლა ვკითხულობდით წიგნებს. ანდრიას დედა სთხოვდა ხოლმე, წაეკითხა „სტუმარ-მასპინძელი“. ერთ სანახაობად ღირდა მისი მოსმენა. ასე გადავწყვიტე ჯოყოლას დახატვაც…
– მხატვრებიდან  გიყვართ…
– ყველაზე ძალიან მიყვარს, განსაკუთრებული ფერები აქვს, ბავშვობიდან გამოვარჩიე, თითქოს მეძახის, ჩემთან ახლობლობს სულიერად. ეს არის ცნობილი ავსტრიელი მხატვარი გუსტავ კლიმტი. პიკასოც მიყვარს, გამორჩეულად, მოდილიანი, ვან გოგი.
ქართველ მხატვრებს რაც შეეხება, ვიტყვი, რომ  ბევრი ნიჭიერი და კარგი მხატვარი გვყავს ქართველებს. უფრო გამოვარჩევდი ლადო გუდიაშვილს და ელენე ახვლედიანს, გოგი თოთიბაძეს, ჩუბჩიკას….
– ერთი ნამუშევრის ისტორია…
– ეს ნახატია. ხატვა ისე მომშივდა, ვეძებდი, რაზე დამეხატა. იმ დროისათვის თითქმის ამოწურული ვიყავი. არაფერი არ მქონდა. გარეთ, ქუჩაში, ნაგვის ბუნკერთან იდო, ძველებური „ტრილიაჟის” სარკე. მივედი და დავხედე. ისედაც გაბზარული იყო. არც დავფიქრებულვარ, დავამტვრიე, უკანა ფიცარი გავათავისუფლე და სახლში მივიტანე. იმდენი საღებავი  არ მქონდა, რომ ამ სივრცეს ჰყოფნოდა. ჩემი ძმის გუაშით დავხატე, მერე ლაქი დავასხი სიმყარისთვის.
რა არ გამომიყენებია, :საეკლესიო ნახშირი, დედაჩემის პარფიუმერია, მოკლედ, ეს ნახატი ახლა ჩემი ძმის სახლშია… ამ დროს პატარა, ასე 14 – 15 წლის ვიყავი ალბათ…
– ხატვა – რას ნიშნავს თქვენთვის?
– ჩემთვის ხატვა ყველაფერია. ხანდახან გაქცევა საკუთარი თავისგან და სურვილებისგან. ხატვის დროს ვთავისუფლდები ადამიანური დარდისგან. უდიდესი სიამოვნებაა, როცა ვქმნი, არასოდეს ვიცი, უბრალოდ ვხედავ, ვგრძნობ, განვიცდი… როცა დახატვა მინდება და ვერ ვხატავ გარკვეულ მიზეზთა გამო, ცუდ ხასიათზე ვდგები. ვოცნებობ, ოდესმე მქონდეს ჩემთვის პატარა ოთახი, სადაც ყველაფერი მექნება საიმისოდ, რომ ვხატო დაუსრულებლად…
– რატომ გიყვართ პორტრეტის ხატვა?
– პორტრეტი ყველაზე რთული დასახატია და საინტერესოც. ფასადის უკან ვხედავ… როცა ადამიანის ხატვა გადაწყვიტე, მხოლოდ გარეგნობა ვერაფერს მოგცემს მხატვარს. უნდა იცოდე რაღაც ისეთი მასზე, უფრო სულისმიერი… ქალების პორტრეტები უფრო მეტი მაქვს…
ხანდახან არარსებულს ვხატავ, დღეს ყველაფერი განყენებულია თავისი თავისგან. ადამიანებში სინათლე ჩაქრა და მბჟუტავი ნაღვერდლებივით არიან უსიხარულო არსებობაში…
– სამსახური და შემოქმედება…
– საავიაციო ქარხანაში ვმუშაობ. ეს ის ადგილია, სადაც ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. თვითმფრინავების დაშლა, შეკეთება ,თავიდან აწყობა. შეღებვა, წარწერების გაკეთება. მეტად საპასუხისმგებლო  და საამაყო საქმეა. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, აქაც შემოქმედებითი განცდა მაქვს. მაბედნიერებს.– ჰობი…
– ჩემი ჰობია სამზარეულო. საჭმელების კეთება, ცხობა. უზომოდ მიყვარს, როცა ვაკეთებ რაღაც ახალს და აგემოვნებენ, მოსწონთ…
– სამი გამოფენა გქონდათ…
– ნახატების უმეტესობა გავაჩუქე. უარის თქმა მიჭირს. რაც დამრჩა, ის ნახატები დედას წყალობით გადარჩნენ… ახლა დიდი ხანია არაფერი დამიხატავს. სულ ვაპირებ, რომ შევიძინო საღებავები, ფუნჯები, ტილოები. ვერ ვახერხებ. დღევანდელი ჩვენი ხელფასი და გარემოება არ იძლევა ასეთი ფუფუნების საშუალებას…–  ოცნება?..
– ვოცნებობ მქონდეს სახელოსნო, სოფელში მინდა გადასვლა საცხოვრებლად. მინდა მეურნეობას მივხედო, როგორც უწინ. იძულებით ვარ ქალაქში სამსახურის გამო… დედის და ჩემი დიდი სურვილია, გვქონდეს სალონური საცხოვრისი, სადაც ბევრი მეგობარი გვეწვევა სტუმრად და ჩვენ ჩვენი ნატურალური ნაწარმით გავუმასპინძლდებით მათ…

                                                                                            თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები