პრემიერი: განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას, გვსურს, საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობით მაქსიმალურად ვისარგებლოთ

საქართველოსა და უზბეკეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი მთავრობების წარმომადგენლებს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდათ გუშინ და დღეს ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან შეხვედრისას.

მთავრობის მეთაურმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლოდ, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე გაამახვილა ყურადღება.

„მსურს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა განსაკუთრებული მიღებისთვის და ჩვენი ხალხისა და დელეგაციისადმი მეგობრული დამოკიდებულებისთვის.

ნამდვილად შთამბეჭდავია, თუ როგორ ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. სწრაფად ვითარდება თქვენი ქვეყანა. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რეფორმებმა და იმ გარდაქმნამ, რაც უზბეკეთში ხორციელდება თქვენი ლიდერობით.

გუშინ გვქონდა შესაძლებლობა ტექნოპარკში გვენახა ტრანსფორმაციის საუკეთესო მაგალითი, რაც თქვენს ქვეყანაში ხორციელდება.

მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგიწვიოთ საქართველოში.

სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი მთავრობების წარმომადგენლებს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდათ გუშინ და დღეს ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე.

ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. დაინტერესებულნი ვართ, სავაჭრო პარტნიორობა კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენს ქვეყნებს შორის.

ინვესტიციების ნაწილშიც შესაძლებელია გააქტიურება. თქვენი საინვესტიციო გარემო შეიძლება ძალიან მიმზიდველი იქნეს ქართველი ინვესტორებისთვის და საქართველოც ძალიან საინტერესო საინვესტიციო გარემოს სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას. საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს და ისტორიულად აკავშირებდა ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს.

გვსურს, ამ სტრატეგიული ადგილმდებარეობით მაქსიმალურად ვისარგებლოთ და ამ მიმართულებითაც ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო შეიძლება იყოს თანამშრომლობა საქართველოსა და უზბეკეთს შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები