“ტრამპი უკრაინაში ომის გაჩერებას შეეცდება, ის ცდილობს, ორივე მხარე აიძულოს, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს” – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობის თემა აშშ-ის პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის რელიგიური თემაა.
“რაც თეთრ სახლში მოხდა, იმის მაჩვენებელია, რომ იმ პოლიტიკოსების ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობებზე მოყვანა, რომელთაც სახელმწიფოს შენების, მართვის, ან ზოგადად პოლიტიკური არანაირი გამოცდილება არ აქვთ, სახიფათოა. ადამიანები მოუმზადებლები არიან. ამის მაგალითი სააკაშვილის სახით გვქონდა, ის აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო როგორც ფსიქიკურად, ისევე გამოცდილებით. ქვეყანა შავ დღეში ჩააგდო. იგივე ზელენსკი – მას პოლიტიკური მოღვაწეობის არანაირი გამოცდილება არ აქვს, მით უმეტეს, ასეთ დონეზე, ფსიქოლოგიურად ამ წნეხს ვერ გაუძლო და აშშ-ის პრეზიდენტთან, ვიცეპრეზიდენტთან შელაპარაკება მოხდა. პოლიტიკოსის დანიშნულება ის არის, რომ საკუთარ ქვეყანას, მოსახლეობას მაქსიმალური უსაფრთხოება და კეთილდღეობა შეუქმნას. ზელენსკის ამ ნაბიჯმა, იმან, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ემოციები ვერ მოთოკა, საკუთარ მოსახლეობას ხიფათი შეუქმნა, რადგან შეერთებული შტატების რეაქციამაც არ დააყოვნა, მათ ომში მყოფი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება შეაჩერეს. ამიტომ, ყველა პოლიტიკოსს საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინაშე მეტი პასუხისმგებლობა მართებს.
რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს: როგორც ჩანს, უკრაინაში ბატონ ზელენსკის აუხსნეს, რომ შეერთებული შტატების გარეშე თუნდაც სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას აზრი არ აქვს და მან შეარბილა, ბოდიში არ მოუხდია, მაგრამ წუხილი გამოთქვა იმის გამო, რაც თეთრ სახლში შეხვედრის დროს მოხდა. აღნიშნა, რომ ტრამპის ლიდერობით ის მზადაა, მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე შეთანხმებასაც ხელი მოაწეროს. უკრაინული მხარე ტრამპს ამაზე ხელს ასე მარტივად ვერ მოუწერს და რატომ: 16 იანვარს უკრაინაში ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, სტარმერი და ხელი მოაწერა ე.წ. 100-წლიან შეთანხმებას უკრაინასთან, რომელიც არ გამოქვეყნებულა. დიდი ალბათობით, უკრაინამ ეს ყველაფერი უკვე დიდ ბრიტანეთს შეუთანხმა. ამიტომ ტრამპი როდესაც შეთანხმებაზე საუბრობს, ამას ზელენსკის კი არ ეუბნება, პირველ რიგში, დიდ ბრიტანეთს ეუბნება, რომელმაც უკრაინის ბუნებრივი რესურსები, ინფრასტრუქტურა დაიბევა. ახლა იმაზე მიდის ბრძოლა, რუსეთისგან თავისუფალი, არაოკუპირებული უკრაინა ვის კონტროლქვეშ იქნება. ახლა აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს შორის გარჩევა მიდის, თუ ვინ გააკონტროლებს პოსტკონფლიქტური უკრაინის დარჩენილ ნაწილს.
რაც შეეხება მშვიდობის თემას: ერთი რამ უნდა გვესმოდეს, აშშ საკმაოდ რელიგიური ქვეყანაა. კონსერვატორ ამერიკელებთან მიმუშავია, მათ ბიბლია ზეპირად იციან, ყოველდღე ბიბლიას კითხულობენ. ტრამპი რელიგიური პიროვნებაა. მისი გუნდიც ასევე რელიგიურია. მშვიდობის თემა ტრამპისთვის რელიგიური თემაა. ბიბლიაში, მათეს სახარებაში წერია: „ნეტარ იქნებიან მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ ისინი იწოდებიან ძეებად ღვითსა”, ანუ ეს, ფაქტობრივად, რელიგიური მოწოდებაა, ეს იესომ თქვა, სახარებაში წერია. თუ ტრამპი თვლის, რომ აქვს საშუალება ომი დაამთავროს, მშვიდობა ჰყოს, ის ამას შეეცდება. გამოუვა, არ გამოუვა, მეორე თემაა. რთული კონფლიქტია, ორი მონათესავე ერი ერთმანეთს ებრძვის. ეს ასევე კულტურული დაპირისპირებაცაა, იმიტომ, რომ ერთ მხარეს ტრადიციონალისტური რუსეთია, მეორე მხარეს ნეოლიბერალური უკრაინა. მოკლედ, ტრამპი ამ კონფლიქტის გაჩერებას შეეცდება, ის ცდილობს, ორივე მხარე აიძულოს, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. იარაღის მიწოდების შეჩერება სწორედ ამის სიგნალია, რამაც უკვე შედეგი გამოიღო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკეთა განცხადება, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, აშშ რუსების წინააღმდეგ სანქციებს ჯერჯერობით არ ახსნის, ესეც ზეწოვლის ფორმაა რომ აიძულოს, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. როგორც კეთილი ნება, შეიძლება, რაღაც სანქციები, წახალისების მიზნით მოუხსნას, მაგრამ ომის გაჩერება, რა თქმა უნდა, რთული იქნება. პირველი – რუსეთმა ჯერჯერობით იმას ვერ მიაღწია, რაც მიზნად ჰქონდა: ან მთელი უკრაინის დაკავება, ან მინიმუმ მარცხენა სანაპიროს დაკავება. ერთი რამე უნდა ითქვას: ცუდი მშვიდობა კარგ ომს სჯობს. უკრაინელი ხალხისთვის ძალიან მძიმე ვითარებაა, დიდი ნაწილი, მილიონობით ქვეყნიდან გასულია, მამაკაცებს, ვინც რეზერვში ითვლება, არა აქვთ ქვეყნის დატოვების უფლება, ადამიანები იხოცებიან. ამიტომ სამართლიანი მშვიდობა თუ მოხერხდება და ტრამპის მეშვეობით შეთანხმებას ხელი მოეწერება, ეს ცუდი არ იქნება. რა თქმა უნდა, შეთანხმებით კმაყოფილი ვერცერთი მხარე ვერ დარჩება, შეთანხმება იმას გულისხმობს, რომ ორივე მხარე კომპრომისს აკეთებს. ქრონოლოგიურად ველოდები, რომ სადღაც სექტემბრამდე ეს ყველაფერი მორჩება. შესაძლოა, ხელმოწერამდე ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება იყოს, დავუშვათ ზაფხულში, ან თუნდაც მანამდეც აღდგომის მიდამოებში და სექტემბრისთვის ეს კონფლიქტი, წესით, უნდა დასრულდეს”- განაცხადა გოგავამ.
გოგავა ტრამპის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც “პრეზიდენტ ბუშის დროს რუსეთმა მიიღო საქართველო, პრეზიდენტ ობამას დროს მიიღეს ყირიმი, ხოლო პრეზიდენტ ტრამპის დროს ვერაფერი ვერ მიიღეს”.
“სააკაშვილის ავანტიურა იყო, 2008 წლის ომში ჩართვით, როდესაც გარე ძალების შეკვეთით ეს დავალება შეასრულა და ხუთ დღეში კაპიტულაცია გამოაცხადა. ამან, რა თქმა უნდა, თავისი შედეგები დადო. რუსეთმა მიიღო ის ყველაფერი, რაც სურდა, ახალგორის რაიონის, კოდორის ხეობის დამატებით ოკუპაცია მოხდა, მსხვერპლი, ნგრევა გვქონდა. ითვლება, რომ რუსეთმა ეს ომი მოიგო, სააკაშვილმა ხუთ დღეში კაპიტულაციის დროშა ააფრიალა, გორში ასფალტზე მსოფლიო კამერების, მედიის თვალწინ იფორთხა, ხელი აბსოლუტურად მიუღებელ, სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას მოაწერა. სხვათა შორის, პროექტში იყო მუხლი, რომ აფხაზეთის და ცხინვალის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებები უნდა გაგრძელებულიყო საერთაშორისო ფორმატში, ჟენევის ფორმატში, თუ არ ვცდები და სააკაშვილმა ეს ამოაღებინა. რადგან ამოაღებინა, რუსეთმა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა ცნო. ამ თვალსაზრისით ბატონი ტრამპი მართალია, ამერიკამ მაშინ საქართველო ვერ დაიცვა, არც იყო სერიოზული მცდელობა. პირდაპირ ვთქვათ, იყო სატვირთო თვითმფრინავის საჰაერო სივრცეში შემოსვლა, ასევე შემოვიდა სამხედრო გემი, რომელმაც შემოიტანა წყალი და პამპერსი, მაგრამ ქმედითი დახმარება, რა, თქმა უნდა, არ გვქონია. ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებშიც გვიპირებდნენ, რომ აქ მეორე ფრონტი გახსნილიყო, რაზეც საქართველოს ხელისუფლებაზე გარე სამყაროდან ზეწოლა იყო. პრემიერთან და თავდაცვის მინისტრებთან ელჩები დარბოდნენ მოთხოვნით, რომ ცხინვალის და აფხაზეთის მიმართულებით სამხედრო მოქმედებები დავიწყოთო, რაზეც უარი მიიღეს და ამიტომაც გაბრაზდნენ, რას ჰქვია, რომ მათი ინტერესების გამო ჩვენ არ ვიხოცებით და ბომბები არ გვცვივა თავში. ქართველმა ხალხმა ამ ზეწოლას საკმაოდ მედგრად გაუძლო და ჩვენ დღეს გაცილებით მეტი სუვერენიტეტი გვაქვს, ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ გვქონდა, თუნდაც, ვიდრე 2019 წელს, როცა შარლ მიშელის შეთანხმება შარლ მიშელს რბილად რომ ვთქვათ, უკან დავუბრუნეთ”- განაცხადა გოგავამ.