ლევან მახაშვილი – რუსეთთან  დაძაბულობაში შესვლა წიგნებიდან და რაღაც თეორიებით კი არ ვიცით, სამჯერ პრაქტიკაში გვაქვს ნანახი

„ნურავის ნუ გაუკვირდება, როდესაც ხისტად ვრეაგირებთ ისეთი ტიპის განცხადებებზე, როდესაც ქვეყანას გაუმართლებელი რისკების აღებისკენ მოუწოდებენ,“ – ამის შესახებ  პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის შეფასებით, ეს სანქციები ნულის ტოლფასია.

„ამ ქვეყნებს რა სურთ, პირდაპირ აქვთ ჩაწერილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ლატვიის პრეზიდენტს პირდაპირ აქვს მოთხოვნილი მაშინდელი ჩვენი პრეზიდენტისგან ორმხრივი სანქციების დაწესება და ამ გზით, ფაქტობრივად, რუსეთთან ესკალაცია და  იმ ტიპის რისკების წარმოქმნა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა გაუძლებდა ან ვერ გაუძლებდა. ეკონომიკურ რისკებს ცალსახად ვერ გაუძლებდა და ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევდა. რუსეთთან ამ ტიპის დაძაბულობაში შესვლა წიგნებიდან და რაღაც თეორიებით კი არ ვიცით, სამჯერ პრაქტიკაში გვაქვს ნანახი, რა მოხდა, როდესაც რუსეთთან პირდაპირი თუ ირიბი ესკალაცია გაუმართლებლად დავიწყეთ. ჩვენ ჩვენი ომი ნაომარი გვაქვს და ამის საჭიროება თუ დადგება, აუცილებლად წინა ხაზზე დავდგებით, თუმცა პოლიტიკოსების მთავარი არსი ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ ტრაგიკულ სიტუაციამდე არ მივიყვანოთ, დიპლომატიამ იმუშაოს და ამ ტიპის პოლიტიკურმა ნაბიჯებმა თავიდან აგვარიდოს ტრაგედიები, რაც ამ ქვეყანას არაერთხელ ახსოვდა.

ბოლო სამი წელია, იმავეს ვაკვირდებით. სამი ქვეყანა ახსენეთ, სხვა ქვეყნებიც და სხვა კონკრეტული სახელი და გვარებიც გვახსოვს, კონკრეტული საგარეო საქმეთა მინისტრები. ჩემი უშუალო კოლეგებიც გვახსოვს პარლამენტის წინ და ისიც, რას მოითხოვდნენ – უკრაინული მაიდნის სცენარის განვითარებას და აქ გათამაშებას. ბევრისთვის ეს არის თამაში. ჩვენთვის ეს თამაში არ არის, ძალიან სერიოზული, ამ ქვეყნისთვის, ფაქტობრივად, სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. ამიტომ, ნურავის გაუკვირდება, როდესაც ხისტად ვრეაგირებთ ისეთი ტიპის განცხადებებზე, როდესაც ეს ძალები ქვეყანას გაუმართლებელი რისკების აღებისკენ მოუწოდებენ. კონკრეტულ პირებზე დაწესებული სანქციები არც მეტი არც ნაკლები, ნულის ტოლფასია. ნათელია, რას ურტყამენ, სად არტყამენ და რის ჩამოშლას ცდილობენ. სახელმწიფოს იმ ინსტიტუტების ჩამოშლას ცდილობენ, რომლებიც ქვეყანაში საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ეს არის მათი მიზანი. მეტიც, ამის იქითაც წავიდნენ, ლაშა ტალახაძის მაგალითი რომ ავიღოთ – არ ვიცი, ჩვენს ქვეყანაში რამდენი ადამიანი მოიძებნება, რომელსაც საქართველოს და ქართველების ღირსება, სახელი ისე ჰქონდეს დაცული, ისე იცავდეს შინ თუ გარეთ, როგორც ლაშა ტალახაძეს. გასაგებია, რომ ურტყამენ ყველაფერს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძვირფასია, რაც არ გამოსვლიათ და არც გამოუვათ. სამწუხარო ის არის, რომ ეს ქვეყნები იმავე შეცდომას იმეორებენ, რასაც გასული სამი წლის მანძილზე აკეთებდნენ. მოვუწოდებთ ამ ადამიანებს, ისეთი ნაბიჯები არ გადადგან, რომ ხვალ თუ ზეგ, ადრე თუ გვიან ქართველ ხალხთან დასაბრუნებელი გზა აღარ ჰქონდეთ, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აუცილებლად მოგვიწევს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები