ირაკლი მელაშვილი: ტრამპის მთავარი ამოცანაა აჩვენოს თავისი განსხვავებულობა ბაიდენისგან, ყოველ მეორე სიტყვაში იმეორებს, რომ ბაიდენი შეცდომებს უშვებდა, თვითონ კი არა
“ტრამპის მთავარი ამოცანაა აჩვენოს თავისი განსხვავებულობა ბაიდენისგან, ყოველ მეორე სიტყვაში იმეორებს, რომ ბაიდენი შეცდომებს უშვებდა, თვითონ კი არა – ანუ ტრამპის განცხადებები უფრო შიდა ამომრჩეველზეა გათვლილი”, – ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ტრამპის პოლიტიკის შედეგი ევროპის პოლიტიკურად ჩამოყალიბება იქნება.
“ტრამპს აქვს სურვილი აჩვენოს, რომ მას ბაიდენისგან განსხვავებული პოლიტიკა აქვს, სურს, ამერიკელებსა და ევროპელებს დაანახვოს, რომ მისი აქტიური პოლიტიკის შედეგად უკრაინის კრიზისი გადაიჭრება, მაგრამ არავის, არც თვითონ და არც ვინმეს ტრამპის ადმინისტრაციაში, არა აქვს წარმოდგენა, როგორ შეიძლება ამ კონფლიქტის გადაჭრა. იმ პრესკონფერენციებზე, რომლებიც ტრამპმა სატელეფონო საუბრის შემდეგ ჩაატარა, ჟურნალისტები უსვამდნენ ამაზე კითხვებს და მისი პასუხი იყო, მომავალში ვნახავთ, რომ ეს საკითხი პუტინის გარეშე არ გადაიჭრებაო, მაგრამ, როგორც კი მიდიხარ იქამდე, თუ როგორი უნდა იყოს კონფიგურაცია, დაცული იქნება თუ არა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, ტრამპი ვერაფერს პასუხობდა. ტრამპის მთავარი ამოცანაა აჩვენოს თავისი განსხვავებულობა ბაიდენისგან, ყოველ მეორე სიტყვაში იმეორებს, რომ ბაიდენი შეცდომებს უშვებდა, თვითონ კი არა – ანუ ტრამპის განცხადებები უფრო შიდა ამომრჩეველზეა გათვლილი.
სხვათა შორის, რაც მიუნხენის კონფერენციაზე თქვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ყველამ ერთხმად თქვა, რომ ეს იყო შიდა აუდიტორიაზე გათვლილი, რადგან ტრამპს ძალიან სჭირდება შიდა აუდიტორიის მხარდაჭერის მოპოვება, რადგან ძალიან კარგად იცის, რამდენად პოლარიზებულია ამერიკელი საზოგადოება ამ არჩევნების შემდეგ. ჯერჯერობით რეალური არაფერი იკვეთება უკრაინის საკითხის გადაწყვეტისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რეაქციაც, რაც ჰქონდათ ევროპასა და ზელენსკისაც – მან ხელი არ მოაწერა ამერიკელების ჩატანილ დოკუმენტს, რითაც უკრაინულ მინერალებზე წვდომა უნდა გადასცემოდა აშშ-ს. მან ჩაასწორა დოკუმენტი და უკან დაუბრუნა ამერიკის დელეგაციას იმ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა მიუნხენში, ვენსსა და რუბიოსთან, სადაც ამერიკელები, სხვათა შორის, აპლოდისმენტებით შეხვდნენ ზელენსკის, რაც ძალიან არსებითი საკითხია და მანიშნებელია, თუ საით არის ამერიკელების სიმპათია, უკრაინელების თუ რუსების მხარეს. ზელენსკიმ ამ დოკუმენტში ჩაამატა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები და განაცხადა, რომ ვერავინ შეძლებს უკრაინისა და ევროპის გარეშე ამ ომის საკითხის მოგვარებას და უკრაინისთვის რაღაცის თავზე მოხვევას, რომ ის არ იქნება პრეზიდენტი, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დათმობს.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპელების რეაქციაც. საერთოდ მიმაჩნია, რომ ტრამპის პოლიტიკის შედეგი ევროპის პოლიტიკურად ჩამოყალიბება იქნება. კი ბატონო, არსებობს ევროკავშირი, სადაც ქვეყნებს აქვთ საკუთარი პოზიციები, მაგრამ ევროპა, როგორც ერთიანი პოლიტიკური სივრცე, რომელმაც თავისი ადგილი უნდა დაიკავოს თანამედროვე მსოფლიოში, ახლა ყალიბდება და ამას ტრამპის ნაბიჯები ხელს შეუწყობს. ეს კი არ იქნება ცუდი უკრაინისთვის. ტრამპის ამოცანა იყო ევროპაზე გადაეტანა უკრაინის ომის ძირითადი დატვირთვა. ევროპელებიც კარგად ხვდებიან, როდესაც ტრამპი ამბობს, უკრაინა თქვენთან არის ახლოს, მე ათასზე მეტი კილომეტრი მაშორებსო, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიაზე თვითონ უნდა ჰქონდეთ ძალიან მკაცრი პოზიცია, რადგან ეს მათ უშუალო უსაფრთხოებას ეხება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ევროპის წვლილი ამ საკითხში ძალიან გაიზრდება.
ტრამპის ეს პოლიტიკა, რომელიც ევროპისთვის ცოტა გაუგებარია, განსაკუთრებით ვენსის გამოსვლა, როდესაც მან დემოკრატიას შეუტია, განსაკუთრებით კი დიდ ბრიტანეთს. ასეთი რამ არ ახსოვთ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, რომ ამერიკა დიდი ბრიტანეთის მიმართ თავად დემოკრატიის საკითხებში ასეთი კრიტიკული ყოფილიყო. ამან ერთმნიშვნელოვანი რეაქცია გამოიწვია ევროპაში და, ბუნებრივია, ევროპის პოზიცია გაძლიერდება. ასე რომ, ტყუილად აქვთ იმედი იმათ, ვინც ელოდება, როდის გაყიდის ტრამპი უკრაინას და ჩააბარებს რუსეთს. იქნებ საქართველოც მიჰყიდოს და დაისვენონ საქართველოს ხელისუფლებაში, რადგან რუსეთს თუ მიგვყიდეს, ეს ნიშნავს, რომ აქ ხელისუფლებას დემოკრატიას არავინ აღარ მოსთხოვს და “ოცნებაც” იქნება და იქნება. ამ იმედით არის “ოცნება” და ამ იმედით უჭერს ტრამპს მხარს და, ასე ვთქვათ, ტრამპის მიერ საქართველოს დისტანცირებას ევროატლანტიკური სივრცისგან. ამისთვის სჭირდებათ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ვფიქრობ, ეს ფუჭი იმედია.
გავითვალისწინოთ, რომ ტრამპი უკიდურესად ეგოცენტრიკი, ნარცისია, საერთაშორისო მოლაპარაკებებში კი არსებობს ხერხი, როდესაც თავიდან აჩვენებ, რომ ბევრ დათმობაზე ხარ წამსვლელი და ეს ძალიან ზედმეტს მოათხოვნინებს შენს მოწინააღმდეგე მხარეს, რაც ხდება მერე მისი დამარცხების კიდევ ერთი მიზეზი. მგონი, ტრამპი ამ გზით წავიდა. თუმცა ერთია, რასაც რუსული და “ქოცური” პროპაგანდა ამ დღეებში ავრცელებს, თუ როგორ წააგო უკრაინამ, მაგრამ რეალურად სერიოზულ განხილვებში და მათ შორის, თავად რუსულ ტელეგრამარხებზე, ისმის შეშფოთება, თუ ეს რეალურად რა შეიძლება იყოს. რაზე ისაუბრეს ტრამპმა და პუტინმა, დეტალურად არ თქმულა, მაგრამ გამოვიდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა პუტინს უთხრა, როგორც რუსეთმა შეიყვანა საკუთარ იურისდიქციაში უკრაინის ტერიტორიები, ასევე შეუძლია უკრაინას თავის იურისდიქციაში შეიყვანოს კურსკის ოლქიო – ანუ საუბარი მთლად თბილი და ტკბილი არ ყოფილა, თუ ვინმე ამას ელოდებოდა. რა თქმა უნდა, ტრამპი პუტინთან ლაპარაკს ძალის გამოყენებით შეეცდება. ამას ადასტურებს ტრამპის რამდენიმე წარმომადგენლის განცხადებაც. უბრალოდ, ამ ეტაპზე არ ქმნიან დიდ მოლოდინს და ამბობენ, რეალისტები უნდა ვიყოთ, უკრაინის საზღვრების 2014 წლის ფარგლებში დაბრუნება რთული იქნებაო და ა.შ. მცირე მოლოდინისგან ჯობს დიდი შედეგების მიღება, ვიდრე პირიქით. ახლა მთავარია რუსეთის ჩართვა მოლაპარაკებებში, სადაც მისი პოზიციები ძალიან სუსტია. სინამდვილეში, რუსეთთან ურთიერთობა “ოცნების”. ოპოზიციასთან ურთიერთობას მაგონებს. ჩემი აზრით, ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებისთვის უფრო კომფორტულია, რომ ოპოზიციასთან დიალოგის ფორმატი არ არსებობს და იმ შეცდომებისთვის, რომელთაც უშვებს ხელისუფლება, ან მძიმე და არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, თავში არავინ ურტყამს. ამ მხრივ ხელისუფლებას შედარებით მეტი კომფორტი აქვს და ასეა რუსეთის შემთხვევაშიც. როგორც კი რუსეთი დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, მას გაჩუმება მოუწევს, რადგან არგუმენტები არ აქვს.
დააკვირდით, რა შეკითხვებს უსვამდნენ მიუნხენში ჟურნალისტები სალომე ზურაბიშვილს? როგორ აპირებთ რუსეთთან დალაპარაკებას, როგორ აპირებთ საზოგადოებაში რუსული საფრთხის გაუვნებლებასო და ა.შ. ის ჟურნალისტები ქოცპროპაგანდისტები იყვნენ? ჩვენს პოლიტიკოსებს თუ მედიის დიდ ნაწილს ხომ ასე წარმოუდგენია, თუ ამ კითხვებს სვამ, “ქოცური” პროპაგანდის ნაწილი ხარ. ჩვენმა ოპოზიციამაც ასე წარმოიდგინა, რომ მშვიდობაზე საუბარი, თურმე “ქოცური” პროპაგანდის შემოგდებულია. ამიტომ ვფიქრობ, მხოლოდ “ოცნებას” კი არა აქვს ბევრი რამ შესაცვლელი, არამედ ოპოზიციასაც. ოპოზიციამ საზოგადოებას თუ არ გასცა პასუხი მის კითხვებზე, არაფერი გამოვა. გამოქვეყნდა იაგო კაჭკაჭიშვილის ჩატარებული კვლევა. კარგად წაიკითხონ ოპოზიციამაც და სამოქალაქო სექტორის ლიდერებმაც. საზოგადოებრივი განწყობები შიშმა იმის გამო მოიცვა, რომ ოპოზიცია კითხვებზე პასუხს არ იძლეოდა და ჰქონდა აბსოლუტურად სულელური კლიშე, რომ თუკი ვინმე დასვამს კითხვას ომის საფრთხეზე, რუსეთთან ურთიერთობის საფრთხეებზე, ეს “ქოცური” პროპაგანდა და პუტინის აგენტების დასმული კითხვაა. ეს სიგიჟე უნდა მოიშალოს უპირველესად ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური მედიის ნაწილმაც. საზოგადოებას აქვს აბსოლუტურად რელევანტური კითხვები და ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს.
“რაც უფრო მალე დაანახვებს საზოგადოების დიდ უმრავლესობას რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა და საერთოდ, ხელისუფლების შეცვლა არ არის დაკავშირებული რუსების აგრესიის საფრთხესთან, მით უფრო მალე მოუწევს ხელისუფლებას შეცვალოს თავისი პოზიციები, და რაც უფრო დიდხანს გაჩერდება ამ თავის სისულელეში ოპოზიცია, რომ ამ საკითხებზე არ უნდა ელაპარაკოს საზოგადოებას, მით უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ხელისუფლებას “ქართული ოცნება”. ნიკა მელიამ თქვა, შეთანხმდით, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა თუ ოპოზიციამ დაუშვა შეცდომებიო. ან ერთი ან მეორე, რატომ? რატომ ორივე ერთად არა? ოპოზიციამ დაუშვა შეცდომები, რამაც “ოცნებას” არჩევნების გაყალბება გაუადვილა პროპაგანდისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით. სიმართლე აქ არ არის? მაგრამ ის, რომ ოპოზიცია გაურბის პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე, რაც დაუშვა ან რასაც უშვებს, ნიშნავს სწორედ იმას, რომ არც არაფრის შეცვლა არ სურს, მათ შორის არც რიტორიკის. არ უნდათ არც იმის აღიარება, რომ რუსეთის აგრესიის შიში არის მოსახლეობაში და ეს ხელისუფლებამ ბრწყინვალედ გამოიყენა სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიცია ამაზე არ ლაპარაკობდა და ევროინტეგრაციისგან შეუქმნა მოსახლეობას საფრთხე. ძალიან კარგია, სალომე ზურაბიშვილს ეს შეკითხვები რომ დაუსვეს ევროპაში, რადგან აქ არ ეკითხებიან. სალომეც და ოპოზიციაც უნდა მიხვდნენ, რომ ამ საკითხებზე საუბარია საჭირო, იმიტომ, რომ ეს საფრთხე რეალურია საზოგადოებისთვის. რაც შეეხება იმას, თუ რას იზამს ხელისუფლება, დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მალე გამოასწორებს ოპოზიცია თავის შეცდომას და რაც უფრო მალე წაართმევს ხელისუფლებას კოზირს, რომ ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში რუსეთის აგრესია დაგვემუქრება, მით მალე შეცვლის “ოცნებაც” რეპრესიულ პოლიტიკას. გაოგნებული ვარ, ოპოზიციის ლიდერები, წამყვანი ოპოზიციონერი ჟურნალისტები ვერ ხვდებიან, რომ ამ საფრთხეზე უნდა ილაპარაკონ. ვერ ხვდებიან, რომ აუცილებელია ეს კოზირი ხელისუფლებას გამოაცალონ ხელიდან. ოპოზიციამ უნდა შეცვალოს რიტორიკა, გასცეს საზოგადოების კითხვებს პასუხი. თუ ეს არ გააკეთა, ადგილი ცარიელი არ დარჩება და ახალი ძალები გაჩნდება. აქციების ფონზე გაიზარდა იმათი რიცხვი, ვინც უკმაყოფილოა ხელისუფლებით, მაგრამ არ მოსწონს ოპოზიცია. ოპოზიცია ამას მაინც უნდა მიხვდეს, რომ ეს “ოცნებას” აწყობს, რადგან ასეთ შემთხვევაში ის 40-45%, რომელსაც არც ერთი მოსწონს და არც მეორე, შეიძლება არჩევნებზე არ წავიდეს. ამას მაინც უნდა მიხვდეს ხელისუფლება, რომ ეს შესაცვლელია, უნდა დაინახოს, რა სურს მოსახლეობას, რა აწუხებს, რისი ეშინია. ვნახოთ სოციოლოგიური გამოკითხვა, თუ რა საკითხებია მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და დამისახელეთ თუნდაც ერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც მოსახლეობას ამ საკითხებზე ელაპარაკება. ვერც ერთს ვერ მეტყვით და, თუ ოპოზიცია ადეკვატურად არ უპასუხებს მოსახლეობის მოთხოვნებსა და სურვილებს, რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლებას ხელს აძლევს. “რუსი მოდის”, “რუსი მოდის” ძახილით ოპოზიცია 20-25%-ზე მეტს ვერ აგროვებს. ხომ არ შეიძლება ყველაფერზე, უმუშევრობაზე, ეკოლოგიურ საკითხებზე, უსაფრთხოების პრობლემებზე და ა.შ., “რუსი მოდის” იძახო? საზოგადოება ოპოზიციისგან პრობლემებზე ადეკვატურ პასუხებს ელოდება…”,- განაცხადა მელაშვილმა.