მირიან მირიანაშვილი: მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი ისეა მოწყობილი, აშშ-ის აღიარებისა და მხარდაჭერის გარეშე ვერც ერთი ქვეყანა სრულფასოვნად ვერ იარსებებს

ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აფასებს.

,,რას ეძახის ხელისუფლება რევოლუციას, იმ უცნაურ აქტივობას, რაც პრეზიდენტის სასახლესთან იყო? გარდა ამისა, დასავლეთის “დამკვეთად” აღიარება მტკიცებულებებს მოითხოვს… სავარაუდოდ, არც ევროკავშირს, არც აშშ-ს განცხადებებზე რეაგირება არ ექნებათ. ისინი თავს ამ პროცესების ორგანიზატორებად არ მიიჩნევენ და არც მიაჩნიათ საჭიროდ, რაიმეს გაემიჯნონ… რაც შეეხება ოპოზიციის დისკრედიტაციას, ისედაც უკიდურესად მაღალია და ამ პროცესში დამატებითი ზეწოლა მხოლოდ ხელისუფლების პოზიციებს დააზიანებს. ოპოზიციური ელექტორატის აქტივობის შეკავებას ხელისუფლება სწორედ იმ ოპოზიციური პარტიების მეშვეობით ახერხებდა, რომლებიც დღეს თითქოს მის წინააღმდეგ დგანან. თუ ეს პარტიები აღარ იარსებებენ, როგორ გააკონტროლებს ხელისუფლება ოპოზიციურ მასას?

300-დღიანი პროტესტის განმავლობაში იყო მომენტები, როდესაც აქციის მონაწილეები ოპოზიციური პარტიების მიუღებლობას გამოხატავდნენ. ეს აშკარა იყო. 4 ოქტომბერს მართლაც შეინიშნებოდა ცდა, რომ პარტიული აქტივის მონაწილეობა საზოგადოებრივ პროტესტად და რევოლუციურ მოვლენად გამოეცხადებინათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი მათ გარეშე გაქრება, საზოგადოების უკმაყოფილება პარტიებზე აღარ არის დამოკიდებული… ცარიელ და უკონტროლო სივრცეში ყოველთვის ჩნდება ახალი, ხშირად უფრო მეტად საშიში ძალა, მით უმეტეს, თუ ხელისუფლებას ეშინია, რომ ამ პროცესების უკან უცხო ქვეყნები დგანან.

კიდევ ერთი საკითხი – შეერთებულმა შტატებმა ამ ოპოზიციასთან პირდაპირი თანამშრომლობა თავიდან აიცილა. ამის მიზეზი მარტივია: ოპოზიციური პარტიების არაორგანიზებულობა, საზოგადოებაზე გავლენის ნაკლებობა და ის ფაქტი, რომ ბევრ მათგანს თავად დასავლეთშიც უნდობლად უყურებენ. მეტიც, ზოგიერთი მათგანი პირდაპირად რუსეთის აგენტობაშია ბრალებდებული. ასე რომ, თუ ხელისუფლება ამ ოპოზიციურ პარტიებს გაანადგურებს, მასთან ერთად გაქრება ის არგუმენტებიც, რომლებიც ამ დრომდე დასავლეთის კრიტიკას ამყარებდა. შედეგად, ქვეყანაში დარჩება ველი, სადაც შესაძლოა ახალი, უფრო გამართული ოპოზიცია გაჩნდეს, სწორედ ისეთი, რომლის გაჩენაც ხელისუფლებას ყველაზე მეტად არ აწყობს. სტალინის დროინდელ რეპრესიებთან შედარება გადაჭარბებულია, თუმცა თავად სცენარი, ღამით ჩატარებული დაკავებები, რუსულ სტილს ჰგავს. ნამდვილი ძალაუფლება ასეთ თეატრალურ ჟესტებს არ საჭიროებს. თუ ხელისუფლება საკუთარ თავს ძლიერად აღიქვამს, მას არ სჭირდება, რომ მოქალაქეები ღამით აიყვანოს. იმავე შედეგს მოიტანდა დღის დაკავებებიც, თან უფრო გამჭვირვალედ და მეტი სამართლებრივი არგუმენტით, მაგრამ არჩეულია საპირისპირო გზა, ეფექტზე გათვლილი ქმედება. მედიაში წინასწარ გაჟონილი ცნობები, ღამით სპეცოპერაციები და მეორე დღეს ტელეეთერში გადაცემული კადრები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ყველაფერი სცენარის მიხედვითაა. ჩემი აზრით, ეს მოქმედებები განკუთვნილია დასავლეთისთვის…

სალომე ზურაბიშვილი გისოსებს მიღმა დღეს ყველაზე აქტუალური და დამაინტრიგებელი თემაა. არა მგონია, რომ 4 ოქტომბრის დრამატული პროცესების ეპიცენტრი პრეზიდენტის სასახლე შემთხვევით გახდა. ვფიქრობ, ზურაბიშვილი, ნებსით თუ უნებლიეთ, თავიდანვე იყო ამ პოლიტიკური სცენარის ნაწილი, მან კი მოასწრო და სასწრაფოდ გაემიჯნა პროცესს, მაგრამ ფაქტია, ივანიშვილისთვის ზურაბიშვილის “დასჯა” ერთგვარად გარდაუვალ ნაბიჯად იქცა. ეს მომენტი, უნდა ითქვას, იდეალურად არის შერჩეული. ახლა, როცა ასობით ადამიანი დაკავებულია, მაგრამ ზურაბიშვილის წინააღმდეგ ნებისმიერი მოქმედება, სამართლებრივი თუ პოლიტიკური, მხოლოდ ერთ რამეზეა დამოკიდებული – სურვილზე. მის დაპატიმრებაზე შიდა რეაქცია, სავარაუდოდ, ზომიერი იქნება, რადგან ოპოზიციურ წრეებში სალომე ზურაბიშვილი ბევრს არ უყვარს. არ არის გამორიცხული, მისმა დაკავებამ საზოგადოების ერთ ნაწილში კმაყოფილებაც კი გამოიწვიოს. თუმცა სულ სხვა ამბავია გარე რეაქცია. ეს ნაბიჯი შეიძლება ბოლო წვეთი აღმოჩნდეს იმ მოთამაშეების მოთმინების ფიალაში, ვინც საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჯერ კიდევ ინარჩუნებს დიპლომატიურ თავშეკავებას.

ორივე პრეზიდენტის, სააკაშვილისა და ზურაბიშვილის ერთდროული პატიმრობა იქნება მოვლენათა ისეთი სიმძაფრის ნიშანი, რომელიც ძნელად წარმოსადგენია თანამედროვე დემოკრატიულ სივრცეში. ასეთი მაგალითი დღევანდელ ევროპაში არ მოიძებნება. სწორედ ეს საერთაშორისო ფაქტორი შეიძლება გახდეს ის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც შეაჩერებს ივანიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმისგან… მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი ისეა მოწყობილი, აშშ-ის აღიარებისა და მხარდაჭერის გარეშე ვერც ერთი ქვეყანა სრულფასოვნად ვერ იარსებებს. ეს, ფაქტობრივად, აქსიომაა. ჩვენი პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ არის დაკავშირებული დასავლეთთან, შვილებიც იქ სწავლობენ და ქონებაც იქ აქვთ. ივანიშვილის ფინანსებიც დასავლურ ბანკებშია განთავსებული. ამ პირობებში დასავლეთთან დაპირისპირება არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური იდეოლოგია – ეს იქნება მხოლოდ თვითდაზიანება. საქართველო ვერ იქნება ქვეყანა, რომელიც დასავლეთს ღიად დაუპირისპირდება. დასავლეთთან დაპირისპირების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება ლეგიტიმურობას დაკარგავს. ამერიკის შეერთებული შტატები ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს გამოაცხადებს არალეგიტიმურად. თუ ხელისუფლება მართლაც ფიქრობს რუსეთთან მჭიდრო კავშირზე, ამას ვერ განახორციელებს, საერთაშორისო კანონები და პოლიტიკური რეალობა ამას არ დაუშვებს… ცნობილია, რომ ამერიკელ და რუს დიპლომატებს შორის საუბარში საქართველოს საკითხი ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. თუ ოდესმე მოხდება ისე, რომ ამერიკა რუსეთს დაუთმობს საქართველოს, მაშინ ამ ხელისუფლების ქმედებებს აზრი აღარ ექნება, მაგრამ დღეს ამის ნიშნები არ ჩანს, ამერიკა არ აპირებს საქართველოს რუსეთის გავლენისთვის გადაცემას”,- განაცხადა მირიანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები