ვახტანგ კაპანაძე: რუსეთი მუდმივ ფსიქოლოგიურ და მორალურ დარტყმებს აყენებს უკრაინას – უკრაინელების დარტყმების შედეგად არც რუსეთია დალხინებული
“რუსეთი მუდმივ ფსიქოლოგიურ და მორალურ დარტყმებს აყენებს უკრაინას. იწყება ოპერაცია “ცივი ზამთარი, რა დროსაც რუსები შეეცდებიან დაარტყან უკრაინის არა მარტო სამხედრო ობიექტებს, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც”,- ამის შესახებ გენერალ-მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, უკრაინელების დარტყმების შედეგად არც რუსეთია დალხინებული.
,,ეს გულისხმობს, რომ მათ უნდათ ენერგოსისტემები გამოიყვანონ მწყობრიდან, რაც უპირველესად მოსახლეობას ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად და ადეკვატურად მოახერხებს დასავლეთი სათადარიგო ნაწილების გაგზავნას ამ ობიექტების აღდგენისთვის, რათა დასახლებულ პუნქტებში შენარჩუნდეს სიცოცხლისუნარიანობა. მსგავსი რამ 2022 წლიდან ხდება სხვადასხვა მასშტაბითა და ინტენსივობით, რის გამოც უკრაინის ძალიან ბევრი მოსახლეს აქვს ინდივიდუალური გენერატორები. შეიძლება არის დარტყმები, გარკვეული რაიონების გამორთვა, მაგრამ დასავლეთის დახმარებიდან გამომდინარე, უკრაინელები სწრაფად ახერხებენ ამ ობიექტების აღდგენას.
უკრაინელების დარტყმების შედეგად არც რუსეთია დალხინებული, სულ ახლახან ნოვოროსიისკის ნავთობგადამამუშავებელ ცენტრს დაარტყეს – ეს არის ყველაზე მსხვილი ამ ტიპის ობიექტი შავ ზღვაზე და მნიშვნელოვანი ზარალია რუსებისთვის. უკრაინელებმა დაბომბეს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც. ამის გარდა, რამდენჯერმე ჩაბნელდა ბელგოროდი, მოსკოვის მიდამოებშიც არის დარტყმები, ყოველ შემთხვევაში, მოსკოვსაც კი არ სძინავს წყნარად… არის მონაცემები, რომ რუსებმა კვლავ მოახერხეს წინ წაწევა – გრუშინოს მიმართულებით გადაადგილდებიან. მთავარი ისაა, აქედან პოკროვსკისკენ მიდის საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა – უკრაინელების მომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი, რომელიც ცეცხლში იყო მოქცეული, თუმცა მაინც უკრაინელების მომარაგებისთვის გამოიყენებოდა. მე არ დავაყენებდი ისე მძაფრად საკითხს, რომ პოკროვსკის აღება იქნება ომის ბედის გადამწყვეტი. რუკას თუ დავხედავთ, პოკროვსკი ერთი პატარა ჯიბეა რუსების განლაგებაში დარჩენილი.
ეს არცთუ ისე დიდი ტერიტორიაა, რომელსაც უკრაინელები დაკარგავენ. სანამ რუსები აქედან ხარკოვამდე მივლენ, რომელიც საკმაოდ შორსაა, შეეცდებიან დონბასის ადმინისტრაციული საზღვრის გაკონტროლებას. თუმცა ეს რომ გააკეთონ, კიდევ არაერთი დასახლებული პუნქტიც უნდა გაიარონ, მერე მიადგნენ ძლიერად გამაგრებულ თავდაცვის რაიონს, როგორიცაა კრამატორსკი-სლავიანსკის კონგლომერაცია და ა.შ. ექსპერტების გათვლით, რუსებმა ამ ტემპით თუ გააგრძელეს წინსვლა, რომ გააკონტროლონ დონბასი, ამას 5 წელი დასჭირდება. რუსები ძალიან ნელა მიიწევენ წინ, მაგრამ არის ერთი პოლიტიკური საკითხი: პოკროვსკის მიმართულება ძალზე მნიშვნელოვანი იყო ტრამპთან მოლაპარაკების წინ, როდესაც პუტინს უნდოდა გამარჯვებულის პოზიციიდან დაემტკიცებინა ტრამპისთვის, რომ რუსული ძალები აქტიურ წინსვლას აგრძელებენ და დაიკავებდნენ პოკროვსკის, ზელენსკი ცდილობდა არ მიეცა ამის საშუალება რუსეთისთვის და პირიქით, ტრამპისთვის ეჩვენებინა, რომ რუსები ვერ ახერხებდნენ წინსვლას. ეს იყო პოლიტიკურად მნიშვნელოვანი რაიონი. მთლიანად კი ეს რაიონი დიდი ნაცრისფერი ზონაა, გაურკვეველია, სად გადის შეხების ან მოწინააღმდეგის წინა ხაზი, მისი ზურგი. ყველაფერი ათქვეფილია და ახლა მიმდინარეობს ნანგრევებიდან ნანგრევებზე ბრძოლა.
გერასიმოვის თანამდებობაზე დარჩენა-არდარჩენა, წყაროების ინფორმაციის თანახმად, სწორედ პოკროვსკის აღებაზეა დამოკიდებული. ასახელებენ კიდეც მის შემცვლელს, ესაა ვიქტორ პოზნიხინი. უკრაინული წარმოშობის გენერალი, რომელიც სუმის ოლქშია დაბადებული. გამოვა, რომ სირსკი რუსული წარმოშობისაა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მართავს, რუსებს კი უკრაინული წარმოშობის გენერალი ეყოლებათ… დღეს ფრონტზე ერთ-ერთ გადამწყვეტ მნიშვნელობას ასრულებენ დრონები, ეს არის ის საშუალება, რომლებმაც, ფაქტობრივად, ტრანსპარანტული გახადა ბრძოლის ველი. უკრაინელებს ნაკლები გადაადგილება სჭირდებათ. რუსებმა საერთოდ გააჩერეს ჯავშანტექნიკის გამოყენება, ვინაიდან ისინი გამოჩენისთანავე ნადგურდებოდა. რუსები დრონებზე გადავიდნენ, რაკი დაინახეს მისი მნიშვნელობა.
ჩემი აზრით, დრონების ეფექტიანობა ბრძოლის ველზე გამომდინარეობს მხარეების გარკვეულწილად თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების დეფიციტში. ამან გამოიწვია ის, რომ მოწინააღმდეგე მხარეებმა – ვერც უკრაინელებმა და ვერც რუსებმა ვერ შეძლეს ჰაერში ბატონობის მოპოვება. რომელიმეს უპირატესობა რომ ჰქონდეს, ამდენი დრონის ფრენაც არ იქნებოდა. აქვე საინტერესოა, რომ უკრაინელებმა დაიწყეს ე.წ. დრონსაწინააღმდეგო კედელზე მუშაობა, რისი ძირითადი კომპონენტია დრონგამანადგურებლები, რომლებიც უშუალოდ ახერხებენ კინეტიკური დარტყმით განადგურებას (განსაკუთრდებით “შაჰედებზეა” აქცენტი გაკეთებული), ფეთქებადი ან ელექტრომაგნიტური საშუალებით განადგურებას და ა.შ. საინტერესოა, რომ დრონები ეწყობა უკრაინული ინჟინერიით (ნახაზებით და უკრაინელი ინჟინრების გამოყენებით) დიდ ბრიტანეთში. დიდი ბრიტანეთიდან აწყობილი დრონები ბრუნდება უკრაინაში.
ფაქტობრივად, ეს არის მათი გამოცდა საბრძოლო ვითარებაში და უკვე შესწორებებით და დამატებითი მოთხოვნებით ბრუნდება უკან, სადაც მათ ხვეწენ. ანუ ეს ციკლი _ იარაღის წარმოება-შემოწმება-დაბრუნება მრავალჯერადად მოკლდება, არ სჭირდება საველე გამოცდები, კომისიები და სხვა.
ეს საშუალებები ღირს დაახლოებით იმდენივე, ან ცოტა უფრო იაფი, ვიდრე “შაჰედები”, რაც უკრაინას აძლევს საშუალებას დაზოგოს უცხოური ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები, რომლებიც მილიონიც კი ღირს. ასე რომ, დრონები ძალიან დიდი მნიშვნელობისაა და ისიც კია განსაზღვრული, რომ წინა ხაზიდან 5კმ-ზე არის სასიკვდილო ზონა (საკუთარ სიღრმეში 5-დან 10 კმ-მდე არის დიდი საფრთხის მატარებელი ზონა), 15-დან 20 კმ-მდე არის სავარაუდო ზემოქმედების ზონა, ხოლო 20 კმ-ის იქით არის სიფრთხილის ზონა. ხერსონში მთელი ქუჩები დრონსაწინააღმდეგო ბადეებითაა გადახურული, სადაც მოსალოდნელია დრონების დარტყმები და ა.შ. ეს ტიპური ამბავია – როდესაც ვითარდება რაღაცა ტიპის იარაღი, გარკვეული პერიოდის მერე მისი საწინააღმდეგო საშუალებების განვითარებაც იწყება. ე.წ. “ბანჯგვლიანი” ტანკებიც ისევ გამოჩნდა _ ტანკზე დადუღებულია სხვადასხვა ზომის და სისქის არმატურის, რკინის ნაჭრები და ის ზღარბივითაა. ესეც დრონსაწინააღმდეგოდ. ის რამდენიმე დრონსაც იგერიებს, მაგრამ ამ ტექნიკის წინააღმდეგ იმდენი დრონია, რომ ჯამში მაინც ხერხდება მისი განადგურება. ასე რომ, დღეს ისევ იმ მოტოციკლეტების და ინდივიდუალური 2-3-კაციანი ჯგუფების გადაადგილებაზეა დამოკიდებული რუსების შეტევები”, – აცხადებს კაპანაძე.