“სამწუხაროდ, ახლა ევროპის სტრატეგია ომის დაფინანსებაა – ომის, რომელიც არის გაუმაძღარი შვილივით” – ჯეფრი საქსი
“ევროპაში არ არსებობს არავითარი ეკონომიკური სტრატეგია, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები კი ინფრასტრუქტურის მშენებლობისას ნაკლებად თანამშრომლობენ. ამავე დროს არიან ძალიან დაბნეულები, მათ არ აქვთ გეგმა, ისინი ამერიკული ენერგორესურსების მზარდი ფასების წინაშე არიან – იმ სახელმწიფოსგან, რომლის ხელშიცაა მათი უსაფრთხოება”, – ამის შესახებ გადაცემაში „თბილისის დროით“ კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ჯეფრი საქსმა განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა, იან პრაუდმა მას კითხვით მიმართა, რა ელის ევროპას, რომელიც ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს უკრაინაში მიმდინარე ომში და ამავე დროს მთელი ძალისხმევით ცდილობს ამ ომის გაგრძელებას.
„მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება, გამომდინარე აქედან ისეთი დიდი ეკონომიკური მნიშვნელობის რეგიონი, როგორიც ევროკავშირია, საჭიროებს შესაბამის სტრატეგიას ციფრული ეკონომიკისთვის, ენერგორესურსებისთვის, ინფრასტრუქტურისთვის.
სამწუხაროდ, ახლა ევროპის სტრატეგია ომის დაფინანსებაა, ომის, რომელიც არის გაუმაძღარი შვილივით. ევროპამ საკუთარი თავი მოიმწყვდია კუთხეში მას მერე, რაც რუსული ენერგორესურსები ჩაჭრა, ეს კი ორმხრივი სარგებლის მომტანი იყო. შესაბამისად კი ევროკავშირმა გაიძვირა ენერგორესურსები და იაფი რუსული ბუნებრივი აირის მაგიერ ამერიკის შეერთებული შტატებისგან თხევად გაზს ყიდულობს. ახლა კი ევროკავშირი აპირებს რუსეთთან ომში ფულის დახარჯვას. ეს სიგიჟეა ევროპელი პოლიტიკოსები – იქნება ეს სტარმერი ბრიტანეთში, თუ მერცი გერმანიაში, გნებავთ მაკრონი საფრანგეთში, ამას აპირებენ, მათ კი ამომრჩეველი ეწინააღმდეგება. მაკრონის მხარდაჭერა მოსახლეობაში 20%-ს თუ აღწევს, უკმაყოფილება კი 60 და 70, 80%-საც კი.
ასე რომ, ევროპაში არ არსებობს არავითარი ეკონომიკური სტრატეგია, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები კი ინფრასტრუქტურის მშენებლობისას ნაკლებად თანამშრომლობენ. ამავე დროს არიან ძალიან დაბნეულები, მათ არ აქვთ გეგმა, ისინი ამერიკული ენერგორესურსების მზარდი ფასების წინაშე არიან – იმ სახელმწიფოსგან, რომლის ხელშიცაა მათი უსაფრთხოება. ეს დიდი შეცდომაა. მათ სურთ ჩინეთთან პროტექციონული პოლიტიკის წარმოება, ქვეყანასთან რომელიც მათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია ან იქნება უახლოეს მომავალში. ასე რომ, ევროპაში დიდი დაბნეულობაა, სწორედ ამიტომ არის ევროპული ეკონომიკა ასეთ სტაგნაციაში“, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.