“უნდა გვახსოვდეს ჰოლოკოსტის გაკვეთილები და მათ შესახებ მომავალ თაობებსაც ვუამბოთ, რათა მსოფლიო იყოს უფრო ერთიანი სიძულვილთან, შეუწყნარებლობასა და ძალადობასთან ბრძოლაში” – გიორგი კახიანი
“უნდა გვახსოვდეს ჰოლოკოსტის გაკვეთილები და მათ შესახებ მომავალ თაობებსაც ვუამბოთ, რათა მსოფლიო იყოს უფრო ერთიანი სიძულვილთან, შეუწყნარებლობასთან, ძალადობასა და სისასტიკესთან ბრძოლაში. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა პატივის მიგების საუკეთესო გზა იმის უზრუნველყოფაა, რომ მსგავსი სისასტიკე აღარასდროს აღარ განმეორდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
კახიანმა ხაზი გაუსვა, რომ ჰოლოკოსტი მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი და უმძიმესი მოვლენაა, რომლის დროსაც ექვსი მილიონი ებრაელი და კიდევ მრავალი სხვა უდანაშაულო ადამიანი სასტიკად განადგურდა.
„დღეს ვიხსენებთ, თუ რა მასშტაბი შეიძლება მიიღოს ადამიანურმა სისასტიკემ და იმავდროულად, როგორი ძლიერი და მტკიცე სული შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რათა ამ ტრაგედიის შემდეგ ფეხზე დადგომა და ცხოვრების გაგრძელება შეძლოს. გადარჩენილი ადამიანების ისტორიები სიძლიერის, სიმამაცისა და გამძლეობის გასაოცარი მაგალითია. დღეს, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლებს, მხარდაჭერას ვუცხადებთ გადარჩენილებს და მათ ახლობლებს. გამოვხატავთ ისეთი მსოფლიოს შექმნის სურვილს, სადაც არ იქნება დისკრიმინაცია და ძალადობა.
ჩვენი ურთიერთობის ისტორია საუკუნეებს ითვლის და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთპატივისცემას, ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას ეფუძნება. ისრაელის სახელმწიფოში საქართველოდან წასული მრავალი ებრაელი ცხოვრობს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. ვამაყობთ, რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაადასტურა ებრაელებთან ძმური ურთიერთობის მიმართ ერთგულება. ჩვენ, ასევე, ვხედავთ ებრაელი თემის წვლილს ქართული საზოგადოების კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიული მეგობრობა განვითარებას მომავალშიც გააგრძელებს“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.