იტალიის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

მელონის განცხადებით, საქმე ეხება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი ლიბიის პოლიციის ოფიცერი გაათავისუფლეს.

ოსამა ელმასკრი ნჯიმი გასულ კვირაში გათავისუფლდა და სახლში იტალიის სახელმწიფო თვითმფრინავით დაბრუნდა.

ICC-მ იტალიის მთავრობისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა და განაცხადა, რომ დაკავებულის გაშვების შესახებ გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მელონიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მის მიმართ დაწყებულია გამოძიება რომის მთავარი პროკურორის, ფრანჩესკო ლე ვოის მიერ, სავარაუდო სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და დანაშაულის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

„არ დავუშვებ, რომ დამაშინონ. სწორედ ამიტომ არ მოვწონვარ მათ, ვისაც არ სურს, რომ იტალია შეიცვალოს და გახდეს უკეთესი. სწორედ ამის გამო ვაპირებ, განვაგრძო ჩემი გზა და დავიცვა იტალიელები განსაკუთრებით მაშინ, როცა ეროვნული უსაფრთხოებაა საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა მელონიმ.

ამასთან, იტალიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გამოძიების ქვეშ ასევე იმყოფებიან იუსტიციის მინისტრი კარლო ნორდიო, შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოსი და დაზვერვის საკითხებში კაბინეტის სახელმწიფო მდივანი ალფრედო მანტოვანო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები