ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს ცალსახად ვუთხარი, 2028 წლამდე არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ეს არ არის დაგეგმილი. ჩემი ეს განცხადება მათთვის სიურპრიზი ვერ იქნება. ეს არ მოეწონათ, მაგრამ ასეთია ჩვენი საერთო პოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„კომიტეტზე იყო ორი ვარიანტი განხილული: ერთი, რომ უკვე ხვალვე ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია გავეშვით ასამბლეიდან, როგორც იყო ეს ჩვენი ექსტრემისტი ოპოზიციის და მათი ექსტრემისტი მოკავშირეების სურვილი; მეორე ვერსია იყო, რომ რატიფიცირებული ყოფილიყო ჩვენი უფლებამოსილებები დროებით და სერიოზული დათქმებით. ამ სერიოზულ დათქმებში არ არის არავითარი „სააკაშვილის გათავისუფლება“ ან „სალომე ზურაბიშვილი აღიარეთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად“, მაგრამ არის სერიოზული სხვა დათქმებით, რაზეც მე კომიტეტს ცალსახად ვუთხარი, რომ ეს არ მოხდება, არ ჩატარდება 2028 წლამდე ახალი საპარლამენტო არჩევნები, ეს არ არის დაგეგმილი. მე ვუთხარი ეს, მათ იციან და ჩემი ეს განცხადება მათთვის სიურპრიზი ვერ იქნება. მათ ეს არ მოეწონათ, მაგრამ ასეთია ჩვენი საერთო პოზიცია. „ქართული ოცნების“ და ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის პოზიცია, რომ არჩევნები ჩატარდა უკვე და გაიმარჯვა იმან, ვინც გაიმარჯვა. მინდა, პირველ რიგში, ჩვენს ექსტრემისტ ოპოზიციას მივუსამძიმრო, რომ ჩვენი ხვალ აქედან ყველანაირი მიზეზის გარეშე გაშვების პროექტი ჩაუვარდათ, მივუსამძიმრო ყველა იმ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციასაც, რომლებიც, დერეფანი ათია და ყველგან რამდენიმე არიან“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, კომიტეტის დათქმებს განიხილავენ და თითოეულ დათქმასთან დაკავშირებით ხვალ დააფიქსირებენ პოზიციას.
„ახლა ჩვენ ვიღებთ დროს, განვიხილავთ ამ დათქმებს და უკვე ხვალ შევძლებ, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, გითხრათ, რა იქნება პლენარულ სხდომაზე თითოეულ ამ დათქმასთან ჩვენი პოზიცია. დღევანდელი დღე მოვახმარეთ იმას, რომ კომიტეტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ამ შესაძლო რეკომენდაციაზე ჩვენ გვქონოდა სხვადასხვა ქვეყნის მხარდაჭერა და არაერთი ქვეყნის დელეგაციისგან გვაქვს მხარდაჭერა. ჩვენ უკვე დღესვე დავარეგისტრირებთ პროექტზე ცვლილებას და ისინი ამ ცვლილებას მხარს დაუჭერენ. შესაბამისად, ხვალ პლენარულ სხდომაზე განიხილება ეს ტექსტი და ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილება, შედგება მწვავე დებატები და გამოჩნდება, კენჭისყრის შემდეგ რა იქნება საბოლოო შედეგი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.