„ლილოს“ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, „ლილოს“ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.

„მოგეხსენებათ ეს არის ბაზრობის ტერიტორია, ამიტომ აალებადი მასალა ძალიან ბევრია, რამაც დროში გააჭიანურა ხანძრის ქრობა. ხანძრის ქრობის პროცესი წარიმართა ნორმალურად. მეხანძრე-მაშველებმა მოახდინეს ხანძრის ლიკვიდაცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.

112-დან ინფორმაციის შემოსვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს რეაგირება და დროულად დაიწყებს ხანძრის ქრობა. ადგილზე მობილიზებული იყო 22 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და 120-მდე მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ჩართულები იყვნენ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. რაც შეეხება დაზიანების ხარისხს, ბაზრობის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დამწვარია.

ხანძრის გადადების საფრთხე არსებობდა, რადგან ბაზრობის ტერიტორია ძალიან დიდია, აქედან გამომდინარე იყო საფრთხე იმისა, რომ ხანძარი გავრცელებულიყო სხვა ფართობზეც. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა ცეცხლის ლოკალიზება და შემდგომ ლიკვიდაცია.

აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის საბოლოო ქრობითი სამუშაოები, არის მხრჩოლავი კერები, სადაც შესულები არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს დამუშავება“,- განუცხადა ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები