“ოპოზიცია არ ჰყავს საქართველოს ხელისუფლებას, ოპოზიცია ჰყავს ჩვენს ქვეყანას; ისინი მუდამ ცდილობენ, რაიმე ფორმით საქართველო დააზიანონ” – მათიკაშვილი
“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ის პლაცდარმია, რომელსაც ჩვენი დელეგაცია მუდამ საქართველოს ინტერესების დაცვისთვის იყენებდა. ამ შემთხვევაში, სრულად იქნება გამოყენებული ის სამართლებრივი შესაძლებლობები, რაც ჩვენს დელეგაციას ექნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია მარტო არ მოქმედებს და მას მხარდამჭერები ჰყავს.
„რადიკალური ოპოზიციის ღალატის კიდევ ერთი მორიგი აქტი და ტყუილებით გაჯერებული წერილის გაგზავნა ევროპულ სტრუქტურაში მხოლოდ ერთ საკითხზე მეტყველებს – საქართველოს ხელისუფლებას რეალურად არ ჰყავს ოპოზიცია. ოპოზიცია ჰყავს ჩვენს ქვეყანას, საქართველოს და ისინი მუდამ ცდილობენ, რაიმე ფორმით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. რადიკალური ოპოზიცია მარტო არ მოქმედებს, მათ შესაბამისი მხარდამჭერები ჰყავთ – მცირე დარჩენილი ჯგუფი გლობალური ნეგატიური ძალებისა, რომელთა სურვილიც ჩვენი ქვეყნის პროგრესი და წინსვლა ნამდვილად არ არის. ისინი ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, თუმცა მსოფლიოში არსებული დღევანდელი ვითარება, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განწყობა, მის მერ მიღებული გადაწყვეტილებები მეტყველებს, რომ ამ ძალების მოქმედების არეალი უკვე მაქსიმალურად შეზღუდულია და, საბოლოო ჯამში, გლობალური ომის პარტია, იგივე „დიფ სთეითი“ დამარცხებული იქნება, ქვეყნების სუვერენიტეტი გაძლიერდება. ეს წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან მოცემულობას, რომელიც ჩვენს წინაშეა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.