გიორგი ვოლსკი: არიან ახალგაზრდები, ვისაც ჰგონიათ, რომ ბებიას „ბაბუშკას“ დავუძახებთ – ამათ ზურგზე შემომხტარი არიან ასე რომ ვთქვათ ვაშაძე, გვარამია, ჯაფარიძე და უნდათ მათი ენერგიით მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში
ვინც საპროტესტო აქციაზე გამოდის, განსაკუთრებით ინტელექტუალი ადამიანები უნდა დაფიქრდნენ რაზეა ლაპარაკი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც მაკკეინის ინსტიტუტს გამოეხმაურა, რომელმაც გაკვირვება გამოხატა, რომ აქციებზე „ჯერ არავინ მოუკლავთ“.
მისი თქმით, აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი კარგად დატრენინგებული და დესტაბილიზაციაზე ორიენტირებულია, თუმცა იქ არიან ადამიანები, ვისაც მართლა დააჯერეს, რომ „გარუსება“ ელით. დეპუტატის განცხადებით, სწორედ მათ მხრებზე დგანან პოლიტიკური აქტორები, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლა სურთ.
„ორგანიზებული ჯგუფია, ტრენინგები გავლილი აქვთ, სროლა, დავიდარაბა, ჯახების ორგანიზება. ეს ერთი თემაა. მაგრამ არიან ახალგაზრდები, ვისაც მართლა ჰგონიათ, რომ ბებიას „ბაბუშკას“ დავუძახებთ თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება. ამათ ზურგზე შემომხტარი არიან ასე რომ ვთქვათ ვაშაძე, გვარამია, ჯაფარიძე, ახალგაზრდების ზურგზე სხედან და უნდათ მათი ენერგიით მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში. არჩევნები ნამდვილად არ გაყალბებულა და ვერც გაყალბდებოდა, ელექტრონული არჩევნები არ ყალბდება, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ამ პოზიციაზე დგანან ელემენტარულად უსამშობლო ადამიანები, შეთქმულები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ა.შ. სახელმწიფო უნდა მუშაობდეს გამართულად და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მანდატი, რომელიც მილიონ ასოცი ათასმა ადამიანმა მისცა, გამოიყენოს იმისთვის, რათა ეკონომიკური კარგი მაჩვენებლები არ დაეცეს, საწარმოების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ადამიანების გარკვეული ჯგუფი როგორც კი ჩამოსცილდა პროცესებს, იქვე დამთავრდა მომიტინგეების და პოლიციელების დაზიანება.
„ადამიანების გარკვეული ჯგუფი როგორც კი ჩამოსცილდა მიტინგებს იქვე დამთავრდა
დაზიანებაც, იქვე დამთავრდა პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის ჯახებიც. ცეცხლის ასეთი სურათი მაიდანსაც კი არ ახსოვს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ მაიდანი იქამდე მივიდა, რომ ვერავინ გაიგო ვინ ვის ესროდა და სწორედ ამ სცენარზე საუბრობს მაკკეინის ინსტიტუტი საქართველოსთან მიმართებაში.
გიორგი ვოლსკის თქმით, დესტაბილიზაციის წარმმართველი ძალა არიან პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები და დანარჩენი ყველაფერი ანტურაჟია.