ირაკლი კობახიძე: შემდეგი 4 წელი იქნება ძალიან წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რაც ასახული იყო ჩვენს საარჩევნო პროგრამაში და თითოეული მინისტრი დაკავებული იქნება ამ პროგრამის შესრულებით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე
მინისტრების კანდიდატების წარდგენის მთავარი კრიტერიუმები იყო პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობას აქვს გამორჩეული შემადგენლობა და შემდეგი 4 წელი იქნება ძალიან წარმატებული ქვეყნისთვის.
„რაც შეეხება ძველ, სტაჟიან და ახალ მინისტრებს, მათი წარდგენის მთავარი კრიტერიუმი იყო ორი, რაც არის კლასიკური, ტრადიციული კრიტერიუმები, ეს არის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება. ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნენ წარდგენილნი როგორც სტაჟიანი, ასევე ახალი კანდიდატურები მთავრობის შემადგენლობისთვის.
ჩვენ გვაქვს, მართლაც, გამორჩეული შემადგენლობა საქართველოს მთავრობაში და ეს შემადგენლობა გამდიდრდა სამი ახალი მინისტრით, როგორც მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი იქნება იუსტიციის მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კი იქნება დავით სონღულაშვილი. სამივე, ისევე როგორც სხვა მინისტრები გამოირჩევიან კეთილსინდისიერებითა და პროფესიონალიზმით.
დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი 4 წელი იქნება ძალიან წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რაც ასახული იყო ჩვენს საარჩევნო პროგრამაში და, რა თქმა უნდა, თითოეული მინისტრი, თავიდან ბოლომდე, დაკავებული იქნება ამ პროგრამის შესრულებით, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.