სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან მსოფლიო კამპანიას

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან მსოფლიო კამპანიას. 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, სააგენტოს წარმომადგენლები, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ჯგუფთან, საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ, – ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ავრცელებს.

„თბილისსა და რეგიონებში, შეხვედრები გაიმართება პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.

საინფორმაციო კამპანიის მიზანია გენდერული ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთათვის, არსებული სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაცია.

16-დღიანი კამპანია, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, უკვე 33 წელია აღინიშნება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, როგორც ადამიანის უფლებების საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივ, ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

მიმდინარე წელს, ზრუნვის სააგენტოს ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 75-მდე საინფორმაციო შეხვედრა დაიგეგმა. კამპანიის ფარგლებში, დაიბეჭდა ბრენდირებული მასალები, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს გადაეცემათ. საინფორმაციო მასალები გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)- ის ფინანსური მხარდაჭერით დამზადდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები