როგორ უნდა ავიცილოთ რისკები თავიდან და რა უნდა ვიცოდეთ ბუნებრივი აირის მოხმარებისას უსაფრთხოებაზე – სპეციალისტის რეკომენდაციები
გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ „სწრაფი რეაგირების სამსახური 114 -ის“ უფროსი, ირაკლი დეკანოიძე განმარტავს, როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი უბედური შემთხვევებისგან ბუნებრივი აირის მოხმარების დროს.
რეკომენდაციების შესახებ დეკანოიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“რისკები თავიდან რომ ავირიდოთ და დაცულები ვიყოთ, აუცილებლად შემდეგი რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ: უნდა გამოვიყენოთ სათანადო დანადგარები, გაზქურის გასათბობად გამოყენება არ შეიძლება, ყველა დანადგარი სწორად უნდა იყოს დამონტაჟებული, როდესაც გაზის სუნს ვიგრძნობთ “114-ში” უნდა დავრეკოთ. გაზის სუნის არსებობის შემთხვევაში გადავკეტოთ გაზის ონკანები, ფართი გავანიავოთ. არ გამოვიყენოთ ღია ცეცხლი, ან რაიმე ელექტრო ხელსაწყო. თუ გვინდა, ვიცოდეთ ჩვენს სახლში არსებული დანადგარები გამართულად არის, თუ არა დამონტაჟებული, 2 40 40 04-ზე უნდა მოგვმართოთ, ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად მოკლე დროში მისამართზე მოვლენ, დანადგარებს გადაამოწმებენ, შეაფასებენ და სწორ რეკომენდაციებს გასცემენ” – განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, სიცოცხლისთვის საშიში, ბუნებრივ აირზე მომუშავე დანადგარების გამოყენება კვლავ გამოწვევად რჩება.
“ზამთრის სეზონი დადგა, გაზი გათბობისთვის უკვე აქტიურად გამოიყენება. გამოწვევად რჩება ის დანადგარები, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია. გასულ კვირას 1 დღეში 4 შემთხვევა იყო, 11 ადამიანის ინტოქსიკაცია მოხდა. ორ შემთხვევაში მიზეზი წყალგამაცხელებელი იყო, ორში კი გამათბობელი. ერთ-ერთი ყველაზე რთული მათ შორის, რაც შეიძლება გამოვყო, წყალგამაცხელებელი იყო, რომელსაც ე.წ. გამწოვი მილი, რითაც ნამწვი აირი ღია სივრცეში უნდა გაიტყორცნოს, მეორე ოთახში ჰქონდა გატარებული, სადაც ადამიანები იყვნენ და საქმიანობდნენ. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ცუდად მთავრდება ხოლმე. იმ დღეს გადარჩნენ, აღნიშნული შემთხვევა ცუდად არ დამთავრდა.
ძირითადად, დარღვევაა ღია წვის კამერიანი მკვლელი დანადგარები, რომლის დაყენება დახურულ სივრცეში არ შეიძლება, ინტოქსიკაციას იწვევს და ეს ლეტალურად შეიძლება, დამთავრდეს. ადვილი გასარჩევია, რომელია ღია და დახურული წვის კამერიანი დანადგარები. ღია წვის კამერიან დანადგარებს გვერდიდან ჭრილები და ერთი მილი აქვს (წყალგამაცხელებელზეა საუბარი), ხოლო დახურული წვის კამერიან დანადგარებს ორი მილი აქვთ”- განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.