მამუკა მდინარაძე: ისანში გადაადგილდება 30-კაციანი ჯგუფი, რომლებიც მიდიან და ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს – განსაკუთრებით ხდება იქ, სადაც არის „ტვ პირველი“

ბოლო 1.5 საათის განმავლობაში, ისანში გადაადგილდება 30-კაციანი ჯგუფი, შეიძლება ცოტა მეტიც, რომლებიც მიდიან და ფიზიკურად უსწორდებიან იქ მყოფ ადამიანებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი განსაკუთრებით იმ ადგილებზე ხდება, სადაც „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფებია მობილიზებული.

„არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ დღეს „მთავარი“ და „ფორმულაც“ კი ისე არ იქცევა, როგორც „ტვ პირველი“. მაგალითად, ბოლო 1.5 საათის განმავლობაში, ისანში გადაადგილდება 30-კაციანი ჯგუფი, შეიძლება ცოტა მეტიც, რომლებიც მიდიან და ფიზიკურად უსწორდებიან იქ მყოფ ადამიანებს, იმის მიუხედავად, თუ ვინ ხვდებათ ადგილზე. ფიზიკურად უსწორდებიან, აგინებენ, უწყობენ პროვოკაციებს იმისათვის, რომ შეიქმნას არეულობის კერები.

მათ შორის, განსაკუთრებით ხდება იმ ადგილებზე, სადაც არის „ტვ პირველი“. ეს დამთხვევაა? განა რამდენი გადამღები ჯგუფი ჰყავს ამ ტელევიზიას, მაინცდამაინც იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“, გადაადგილდება 30-ზე მეტ ადამიანიანი ჯგუფი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს – ამომრჩევლებს, აქტივისტებს და ა.შ.

მე მოგასმენინებთ „ტვ პირველის“ წამყვანების ერთ ფრაზას – და უდავოა, რომ ეს არის დადგმული სპეცოპერაცია ზონდერებისა და ტელეზონდერების მონაწილეობით. „ქართულ ოცნებას“ უკვე სჯერა, რომ არჩევნებს აგებენ და გადასული არიან, პირდაპირი მნიშვნელობით, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად“, – ამას ამბობს „ტვ პირველი“, ამით ყველაფერია ნათქვამი.

მათი ზონდერები დარბიან, ხალხს სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ, ხანდახან პასუხებს იღებენ და თურმე, ლეგიტიმაციის პრობლემაა, მეტი ვერაფერი მოახერხეს ამ ქვეყანაში დღეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები