მისი თქმით, 26 ოქტომბერს ძალიან მძიმე და ხიფათით აღსავსე დღე იქნება, იმიტომ, რომ რადიკალები ქვეყანაში არეულობისთვის ემზადებიან, რადგან ე.წ. ოპოზიციის ერთადერთი გზა ხელისუფლების ძალადობრივი გადატრიალებაა.
„მშვიდობის ალტერნატივა ვერ და არ იქნება ომი, რისკენაც, მთელი ამ დროის განმავლობაში, იღვწის ე.წ. ოპოზიცია. მე სპეციალურად ვამბობ ე.წ. ოპოზიციას, რადგან ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის გარე ძალების მიერ ჩანერგილი აგენტურა, უსამშობლო ხალხი, რომელთაგან ძალიან ბევრი, სამწუხაროდ, ეთნიკურად ქართველია და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის. თუმცა, მათი ქვეყანა ალბათ სხვა არის და სხვა ქვეყნის მზეს ფიცულობენ, როგორც მათი ნამოქმედარიდან ჩანს.
ეს ის ხალხია, რომელიც ყველანაირად ცდილობს ქვეყნის განვითარება და ევროინტეგრაცია შეაფერხოს, რომლისკენაც, ვითომ ასე დაჟინებით მოუწოდებენ მოსახლეობას და ხმამაღალი განცხადებებით კამერების წინაშე კეკლუცობენ, თუმცა თითს თითზე არ ადებენ ამ ევროინტეგრაციის განსახორციელებლად.
ასე, მაგალითად, გუშინ, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე, განვიხილეთ სასესხო ხელშეკრულება, რომელიც ემსახურება 32 მილიონი დოლარის სესხის მიღებას იმისათვის, რომ გამოვიკვლიოთ შავი ზღვის ფსკერი, რომელზეც უნდა გავიდეს ევროკავშირთან დამაკავშირებელი ენერგეტიკული კაბელი. ეს პროექტი ნიშნავს იმას, რომ  ჩვენთვის ევროკავშირი არა მხოლოდ პოლიტიკური არჩევანია, ის არჩევანი, რომელზეც ქართველმა ხალხმა საუკუნეების წინ გააკეთა განაცხადი და ამისკენ დიდი ხანია მივიწევთ, არამედ, ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა ემყარება საერთო, პრაგმატულ, ეკონომიკურ ღირებულებებსაც. და ეს პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი ორივე მხარისთვის სასარგებლოა. ამ პროცესს კი ოპოზიცია ყველანაირად ხელს უშლის თავისი რადიკალური დღის წესრიგით, ომისკენ მოწოდებებით და ყველა იმ მცდელობით, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
დღეს, ამ აგენტების მიერ წარმოებული პოლიტიკით ვხედავთ, რომ ყველანაირ ქართულს და ქვეყნისთვის სასარგებლოს მავნე და უზნეო კამპანიას უპირისპირებენ. ვნახეთ, თუ როგორ შეეცადნენ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ შერიგების უზრუნველყოფისა და პოლიტიკისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი მოსახლეობის ნაწილისთვის არასწორად მიეწოდებინათ.
ასე რომ, ჩვენ, ის ქართველი ხალხი, ვისაც სამშობლო გვიყვარს, უნდა შევეცადოთ მათი მავნებლობის დასრულებას ქვეყანაში, რადგან, სასწორის მეორე მხარეს ნგრევა და ომია. ხმა ჩვენი სამშობლოს განვითარებას, ევროინტეგრაციას და ეკონომიკურ კეთილდღეობას უნდა მივცეთ, რადგან სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. პოლიტიკური ველი სწორედ ჩვენი არჩევანით უნდა გავწმინდოთ, რომ მომავალში მაინც გამოჩნდეს ჩვენს ქვეყანაში ის ოპოზიცია, რომელიც იმაში შეეჯიბრება მმართველ გუნდს, თუ ქვეყანა უკეთესად როგორ მართოს და უკეთესი პოლიტიკა როგორ შეიმუშაოს. სწორედ ეს არის ოპოზიციის დანიშნულება და არა ის მავნებლობა, რასაც ისინი დღეს ჩადიან.
26 ოქტომბერს ძალიან მძიმე და ხიფათით აღსავსე დღე იქნება, იმიტომ, რომ რადიკალები ქვეყანაში არეულობისთვის ემზადებიან. ამიტომ, ყველას, საზოგადოების თითოეულ წევრს სიფრთხილისკენ მოვუწოდებ, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციებს, რადგან რადიკალების ერთადერთი გზა ხელისუფლების ძალადობრივი გადატრიალებაა. სხვა შანსი მათ არ გააჩნიათ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ქართველი ხალხი მათ მხარს არ უჭერს და ქართველი ხალხის არჩევანი იქნება „ქართული ოცნება” და მშვიდობა. სწორედ ამიტომ, იქნება უამრავი პროვოკაცია და ძალადობა და საჭიროა ამას ჩვენი სიფრთხილე და მტკიცე მოქმედება დავუპირისპიროთ – ქუდზე კაცი გამოვიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს მშვიდობას და განვითარებას საქართველოში”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.