გაბრიელ ჯაბუშანურის დაბადებიდან 110 წელი გავიდა

გაბრიელ ჯაბუშანურის დაბადებიდან 110 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს გაბრიელ ჯაბუშანურის ხსოვნასა და მის გამორჩეულ პოეტურ ღვაწლს.
გაბრიელ ჯაბუშანურის ლექსებს ჯერ კიდევ ცამეტი წლის ასაკიდან უქვეყნებდნენ, განსაკუთრებული ყურადღება კი 1935 წელს ჟურნალ „ჩვენს თაობაში“ გამოქვეყნებული ლექსით მიიპყრო. პირველი პოეტური კრებული – „არაგვიანი“ 1940 წელს გამოსცა. ამას მოჰყვა წიგნები: „ნათელი მთაში“, „ლირიკა“, „მზეთა ქვეყანა“, „მაღალი მთვარე“, „ჩრდილი და მთვარე“, „მოკრძალება“.
გაბრიელ ჯაბუშანური უცნაური ბედისა და ბუნების პოეტი იყო. მძაფრად განიცდიდა სამშობლოს მდგომარეობას. ასევე განიცადა მან ინგუში და ჩეჩენი ხალხის ბედი, როცა ისინი ყაზახეთის ტრამალებში გაასახლეს და გაბრიელ ჯაბუშანურს, ბევრ სხვა ქართველთან ერთად, მათი სახლ-კარის დროებით დაკავება და შენახვა მოუხდა. ჩვიდმეტი წელი გაატარა პოეტმა ღილღოში. ეს წლები საინტერესოდ და ამაღელვებლად აისახა დოკუმენტურ ფილმში, რომელიც გაბრიელ ჯაბუშანურის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა.
გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზიის დახასიათებისას აღსანიშნავი ფაქტია, რომ მისი ლექსი ზვიად გამსახურდიამ თავის არალეგალურ „ოქროს საწმისში“ დაბეჭდა.
ქართველმა მკითხველმა გაბრიელ ჯაბუშანურის არაერთი ლექსი შეიყვარა, გამორჩეულად კი ეს სტრიქონი აიტაცა და დაიმახსოვრა: „მშვიდობით! მივალ, დე, არხოტს აჩნდეს ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი“. ეს „ტორი“ ქართულ პოეზიასაც აჩნია.
„ტანჯვა მგოსნისგან განუყრელი თურმე ყოფილა“, – ამ სტრიქონით შეიძლება დახასიათდეს გაბრიელ ჯაბუშანურის პიროვნული ბედი.
მრავალჭირნახული პოეტი, ორმოცდათოთხმეტი წლისა, უკურნებელმა სენმა იმსხვერპლა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები