უნივერსიტეტიდან ომში — გიორგი მორალიშვილის ისტორია

მეორე თაობის ქართველი ემიგრანტი გიორგი (გოგი) იასონის ძე მორალიშვილი დაიბადა 1921 წლის 18 სექტემბერს სოფელ ჩხარში (თერჯოლის რაიონი), შეძლებული გლეხის ოჯახში. დაამთავრა ამავე სოფლის სკოლა და ჩააბარა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტზე. თუმცა, სწავლა არ დასცალდა, 1942 წლის 15 იანვარს მეორე კურსის სტუდენტი მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს.

ფრონტზე საკვებისა და სუფთა წყლის უქონლობის გამო, გავრცელებული იყო ტიფი და დიზენტერია. ახალგაზრდის ორგანიზმმაც ვერ გაუძლო, დიზინტერია და პლევრიტის შეხორცება დაემართა და ძალიან დასუსტდა. ამ მდგომარეობაში მოხვდა ის გერმანელებთან, რომლებმაც იგი ჯერ სანიტარიულ ნაწილში გაგზავნეს სამკურნალოდ, შემდეგ კი, ჩარიცხეს ტყვეთა ბანაკში, რომელსაც „ინტერნაციონალი“ ერქვა.

რადგან იმ დროისთვის პარტიზანული მოძრაობები ძალიან გახშირდა, გერმანელებს ერთ ადგილას გაჩერება უჭირდათ და საცხოვრებელს ხშირად იცვლიდნენ. ასე მოხვდა გოგი მორალიშვილი იტალიაში, კერძოდ, ფლორენციაში. იქ მან მოახერხა და რამდენიმე მეგობართან ერთად ბანაკიდან გაიპარა. აპენინის მთებისკენ მიმავალ გზაზე ბევრი დაბრკოლება შეხვდათ, მაგრამ პარტიზანთა ბანაკს მიაგნეს და მათ რიგებს შეუერთდნენ.

ქართველი პარტიზანები, ძირითადად, ქალაქების განთავისუფლებაში იღებდნენ მონაწილეობას. 1944 წელს, ერთ–ერთ ბრძოლაში დაიღუპა 14 ქართველი, რომლებიც გოგიმ და მისმა მეგობრებმა სოფელ რიგატონში, ეკლესიის კაპელის კედელში დაასაფლავეს.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გიორგი მორალიშვილი დასახლდა იტალიის ქალაქ პარმაში, სადაც ათი წელი იცხოვრა, მუშაობდა შუშის ფაბრიკაში შუშის ნაწარმის ინსპექტორად.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, 1956 წელს საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. ამერიკაში ჩასვლის შემდეგ სამსახური იშოვა „ტოლსტოი ფონდეიშენში“, რომელიც  ნიუ–ჯერსში მდებარეობდა, შემდეგ კი, საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო.

დასახლდა ნიუ-ჯერსის ქალაქ ჰილსტელში. დაოჯახდა იტალიელ ქალბატონზე ემილიაზე, რომელიც მრავალი ქართველი ემიგრანტის დედობილი იყო. ოთხი ვაჟი შეეძინათ –  ტონი, კარლო, გიორგი და ჯანი.

გოგი მორალიშვილი 2008 წლის თებერვლის თვეში გარდაიცვალა ქალაქ ჰილსტელში. იქვეა დაკრძალული. სამშობლო მუდმივად ენატრებოდა. საქართველოში სტუმრად ჩამოსვლა მოახერხა, მაგრამ საცხოვრებლად ვეღარ დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები