აშშ-ში, ჯორჯიის შტატში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მოზარდის სასამართლო პროცესი დაიწყო

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ჯორჯიის შტატში კოლტ გრეი სასამართლოს წინაშე პირველად წარდგა. 14 წლის ბრალდებულს  ოთხი ადამიანის მკვლელობასა და ცხრა ადამიანის დაჭრაში ედება ბრალი.

მოსამართლემ მოზარდს აუხსნა, რომ მას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ოთხ ეპიზოდს ედავებიან. თუ მისი ბრალეულობა დამტკიცდება, მას სიკვდილით დასჯიან.

სააგენტოს ცნობით, ბრალდებული პატიმრობაში რჩება, რადგან მისმა ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე გირაოს მოთხოვნაზე უარი განაცხადა. საბრალდებო დასკვნის მოსმენისას ბრალდებული ხელბორკილებით, ჩუმად იჯდა და მოსამართლის შეკითხვებს მხოლოდ თავის დაქნევით პასუხობდა.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, საქმის ფარგლებში დაკავებულია ბოროტმოქმედის მამაც, 54 წლის კოლინ გრეი. მას ბრალად არაგანზრახ მკვლელობა და ბავშვებთან არასათანადო მოპყრობა ედება. სავარაუდოდ, კოლინ გრეი სასამართლოს წინაშე მოგვიანებით წარდგება.

შეგახსენებთ, კოლტ გრეიმ სკოლაში სროლა 5 სექტემბერს მოაწყო. სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ცხრა დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლას სკოლის ორი მოსწავლე და ორი მასწავლებელი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები