“მაბრალებენ ზურაბ ადეიშვილის მოადგილეობას, რომლის მოადგილე არასდროს ვყოფილვარ და ამის გადამოწმებას არაფერი უნდა” – მიქანაძე

„პირველ რიგში, მე უნდა ვუპასუხო საზოგადოებას, რადგან არ მინდა, საზოგადოებაში ცრუ ინფორმაცია გავრცელდეს. ის ფაქტი, რომ მე 2005 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის იანვრამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიცია მეკავა, მე ეს არასდროს დამიმალავს და ამაზე ღიად ვსაუბრობდი, ჩემს ბიოგრაფიაშია ასახული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ “ქრონიკაში” ისაუბრა.

“ამასთანავე, მაბრალებენ ზურაბ ადეიშვილის მოადგილეობას, რომლის მოადგილე არასდროს ვყოფილვარ და ამის გადამოწმებას არაფერი უნდა. ასევე, ციხის ბუნტთან დაკავშირებულ მოვლენებთან მე არანაირი შეხება არ მქონია. ბუნტის დაწყების დღეს არც კი ვიყავი თბილისში, რადგან მივლინებაში ვიყავი და ამაზე მინისტრის ოფიციალური ბრძანებაც იყო.

რაც შეეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ თითქოს, მე ვიღაცას გავუშვივარ სამსახურიდან, ვინც ეს განაცხადა, სრული სიცრუეა, რადგან მისი მინისტრობის დროს მე არ მიმუშავია. ზუსტად მის წინამორბედ მინისტრთან, ეკა ტყეშელაშვილთან დამთავრდა ჩემი საქმიანობა და უფრო მეტიც – 2007 წლის შემოდგომაზე, როდესაც მე დავინახე აბსოლუტური, 180-გრადუსიანი განსხვავება ჩემს მიდგომებსა და არსებულ სიტუაციას შორის, ზოგადად, პოლიტიკურ კონტექსტში, მივიღე გადაწყვეტილება და გავიარე სამეტაპიანი კონკურსი, რათა მომეპოვებინა ბრიტანული სტიპენდია და 2008 წელს მე წავედი სასწავლებლად. ამიტომ, მაშინდელი მინისტრი, ტყეშელაშვილიც ინფორმირებული იყო, რომ ეს სტიპენდია მქონდა და მივდიოდი. ეს ყველაფერი არის წინასაარჩევნოდ მორიგი მცდელობა იმისთვის, რომ საზოგადოება გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანონ, სხვა არაფერი“, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები