2023 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები ხუთ მილიონ სტუმარს მოემსახურა
2023 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები ხუთ მილიონ სტუმარს მოემსახურა.
შესაბამის მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
უწყების ანგარიშის მიხედვით, სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.7 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.3 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაში. 2023 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 729.5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.7 პროცენტით მეტია, საიდანაც უშუალოდ ნომრების საცხოვრებელი ფართი 1 557.3 ათასი კვადრატული მეტრი იყო. 2023 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 107.7 ათასი შეადგინა, რაც 10.1 პროცენტით მეტია 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა 2023 წელს წინა წელთან შედარებით 9.5 პროცენტით გაიზარდა და 50.1 ათასი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით (86.3 პროცენტი). სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში რეკრეაციისა და დასვენების მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ, შესაბამისად, 12.7 და 11.7 პროცენტი. 2023 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 26 495 ადამიანი, რომელთა უმეტესობას – 54.3 პროცენტს ქალები წარმოადგენდნენ.