აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: ,,ახალგაზრდები და მომავლის განათლება – გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან’’ გაიმართა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) რიგით მესამე, მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია, ,,ახალგაზრდები და მომავლის განათლება – გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან’’ განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდა 100-ზე მეტი პირი, მათ შორის, 20-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა (EEU, თსუ, სტუ, იბსუ და სხვა).

კონფერენცია მიზნად ისახავდა ახალგაზრდების – მოსწავლეებისა და სტუდენტების საგანმანათლებლო და კვლევით აქტივობებში ერთობლივი ჩართულობის ხელშეწყობასა და სტიმულირებას. კონფერენცია გახსნა განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან აფთარაშვილმა. მონაწილეებს და დამსწრე აუდიტორიას, ასევე მიესალმა ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი ვასილ კიკუტაძე, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ზურა მაცაბერიძე.

კონფერენციაზე მონაწილეებს საშუალება მიეცათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ მიღებული გამოცდილება, განეხილათ თანამედროვე განათლების ძირითადი გამოწვევები და გამოცდილ მკვლევრებთან და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად ემსჯელათ მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებზე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.

სტუდენტებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობა კერძო და საჯარო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეებმა როგორც თბილისის (32-ე, 180-ე, 208-ე, კომაროვის 199-ე, 106-ე, 118-ე, ვეკუას 42-ე საჯარო სკოლები, კერძო სკოლა ,,გეტი’’, ,,ცისაკარი’’ და სხვა), ისე სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან მიიღეს: ბათუმი, ტყიბული, გორი, დუშეთი, გარდაბანი, ხობი, დედოფლისწყარო. კონფერენციის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცა.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აქტიურად ემსახურება დასახულ მიზანს, განახორციელოს ახალგაზრდების მხარდაჭერა მათი კვლევითი, პროფესიული და შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობისთვის, ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და ინოვაციური საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები