დაიბადა საგარეჯოში, გაიზარდა გომბორსა და ასკილაურში. საჯარო სკოლა გომბორში დაამთავრა. ცხოვრების გზა ია ვარდით მოფენილი არ ჰქონია… ადრეულ ასაკში მოუწია მუშაობის დაწყება… ლექსებს სკოლაში წერდა. სიმღერა კი ძალიან პატარამ დაიწყო… სულ ახლახან საგარეჯოს რაიონის კოჭბაანში გამართულ ვაჟაობის დღესასწაულზე საკუთარი ლექსებით და სიმღერებით წარდგა, – ეთერ თედიაშვილის პერსონა.
– ბავშვობა არც ისე ლაღი და მარტივი იყო, ოჯახში ვცხოვრობდით ბებო, დედა, მე და ჩემი ძმა.
ჩემი ბავშვობიდან ყველაფერი საინტერესოა, რადგან ჩემი ცხოვრება თანატოლების ცხოვრებისგან.საკმაოდ განსხვავდებოდა.
5 წლისამ კითხვა დამოუკიდებლად, ძველი გაზეთებიდან ვისწავლე.
– მუშაობის დაწყებამ ადრე მოგიწიათ...
– მე-11 კლასი რომ დავამთავრე, იმ ზაფხულს ვუვლიდი მოხუცს, მერე – მეორე ზაფხულსაც…17 წლის ვიყავი, რესტორანში რომ დავიწყე მუშაობა…
– პირველი ლექსები…
– პირველი ლექსი ქართულის მასწავლებელმა დამაწერინა გარკვეულ თემაზე, ძალიან დიდ ხანს ვწერდი, მაგრამ დილისთვის მზად მქონდა.
– სიმღერები…
– როგორც მეუბნებიან, იმ ასაკიდან ვმღერი როცა ჯერ კიდევ ვერ ვლაპარაკობდი, კაკლის ხეზე მქონდა საქანელა… მთელ დღეებს სიმღერაში ვატარებდი.
– ერთი ლექსი….
– 16 წლის ვიყავი, მოხუცს ვუვლიდი, ამბავს მიყვებოდა და ჩამეძინა, შუაღამეს გამეღვიძა, წამოვჯექი და ლექსი დავწერე.
– რა თემებზე წერთ?
– კონკრეტულად რაიმე თემა არ მაქვს გამორჩეული, ლექსი თვითონ მოდის, რითმაც თავად ეწყობა, თუ მოვა და აზრს არავინ გამაწყვეტინებს, წყალივით მოდის და იწერება, თითქოს დაზეპირებული მქონდა და ფურცელზე გადამაქვს.
– კაფიები? მწერლისა და ფოლკლორისტისგან – ლეილა არჩემაშვილისგან ვიცი, რომ კაფიებს წერთ…
– ჩემთვის კაფიები ყოველდღიურობაა. აი, ასე დაიწერა დღევანდელი ამბავი, ჭურჭლის რეცხვის დროს:
* * *
დაიწვას ქალის გაჩენა,
დედაკაცობის რჯულია,
საქმე ვერაფრით დავლიე,
დღე დამიღამდა სრულია,
კაცი იმითაც იღლება,
პირში რო სჩრია სულია,
გვერდს თუ შაიქცევს, დახვნეშავს,
რო თითქოს დაძალულია,
კაც-დედაკაცთა სისწორე
ვინ სთქვა რო მართებულია?
ლეილა ჩემთვის და ჩვენი ხეობისთვის უძვირფასესი ადამიანია, გვერდში უდგას ნიჭიერ ადამიანებს, ბევრჯერ მინახავს გადაღლილი, და მაინც ბოლომდე მიჰყავს ყველა საქმე. მარგალიტების შემგროვებელს ტყუილად კი არ ეძახიან.
– მეუღლე – ილია ბურდული და ორი შვილი – თაია და მათე გყავთ. როგორ ანაწილებთ დროს შემოქმედებასა და ოჯახს შორის?
– ამჟამად მთელი ჩემი დრო ოჯახს და ბავშვებს ეთმობა, მაგრამ თუ ცოტა თავისუფალი დრო გამომიჩნდება, ფანდურთან გავრბივარ.
მომავალი მეუღლე სკოლაში, მე-11 კლასის გამოცდებზე გავიცანი (ჩემი მეუღლის სკოლას არ ჰქონდა კომპიუტერები და ჩვენთან აბარებდნენ გამოცდებს). სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ ვმეგობრობდით, შემდეგ კი 4 წელი შეყვარებულები ვიყავით და სამსახურიდან „მომიტაცა“.
– როგორ იწერება ლექსი, სიმღერა?
– ლექსი დიდი სიხარულის ან მწუხარების ჟამს იწერება, ლექსი დიდ ემოციას მოაქვს, არის ლექსები, რომლებსაც მელოდიაც დაჰყვებათ ხოლმე, კითხულობ ლექსს და მელოდია გესმის.
– ჰობი…
– ქარგვა და პატარ-პატარა ხელსაქმეებია.
– ერთი ლექსი…
* * *
– მოვედი შენთან, საყდრის ფერდზე მოვდევ ქვიანებს,
მომესურვილე, მომეძალე, „ჩემო მზიანო”,
ვილტვოდი შენკენ, მაგრამ მაინც დავიგვიანე,
მაჯავრებთ რადამ, ჩემო ცავ და მთებო ტყიანო.
ვეღარა ვხედავ სასანთლეებს, სანთლებიანებს,
ხევო, დამშრალხარ, გაღმიანო… გამოღმიანო,
აღარც მე მომდევს მუხლში ძალა, რომ შენს იარებს
ვუდასტაქრო და სატკივარი გავიზიარო.
ზენა გორაზედ კვლავ საავდრო ნისლი ტრიალებს,
ვეღარც შენ გიჭრის თვალი ძერავ, ჭროღაფრთიანო,
ქარი ატოკებს თავშავეებს თავცვარიანებს,
შუაღამეა, შუაცეცხლი ნაღვერდლიანობს
ფიქრს მისცემიან ჩემი მთები, ავ-კარგიანებს,
აგრე რადრა რა მეჩემებით, „ჩემო მზიანო”
მერე რა, თუკი ისევ ისე დავაგვიანე,
დღეს რა იქნება, ცოტა კიდევ მასიზმრიანო.
– ვაჟაობაზე კოჭბაანში საკუთარ ლექსზე შექმნილი სიმღერა შეასრულეთ…
– კი, ჩემს ლექსზე დავწერე სიმღერა. აი, ეს ლექსი:
* * *
ე წყალსამც გაჰყვებოდეს გულის ჯავრი,
ან გაიზიარებდეს ვინ,
ან ჴევ-ჴევ ჩაიტანდეს წვიმის ღვარი,
ან გზაზედ შამხვდებოდე წინ.
ხანდისხან თუ შენსკე შამოვღონდი
არა ოთ ვაშავებ რას,
დაგვლია მანძილის სიმძიმილმა,
ა, ეხლამც ჩამიშლიდე თმას.
შენ გული კვლავ ჩემკე გეღირება,
(ნიადაგ, საშენოდ ვსწერ)
მე ისევ მაცდურად მეღიმება,
შენ ისევ ჩუმ-ჩუმად მმზერ.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმებზე არასდროს მიფიქრია რადგან არ მეგონა ჩემი ნაწერებით ოდესმე თუ ვინმე დაინტერესდებოდა, ახლა პატარა წიგნზე შეიძლება დაფიქრება.
ეთერ თედიაშვილის გამოსვლა კოჭბაანში, ვაჟაობაზე.
თამარ შაიშმელაშვილი