ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად გიმასპინძლოთ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოში და ჩვენთვის პატივია გიმასპინძლოთ წარმომადგენლობით დელეგაციას სომხეთიდან, – ასე მიმართა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
ირაკლი კობახიძემ გაიხსენა მისი ვიზიტი მიმდინარე წლის მარტში სომხეთში და მადლობა გადაუხადა ფაშინიანს გულთბილი მასპინძლობისთვის.
„საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა ეფუძნება მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს და მეგობრობას ჩვენს ერებს შორის და მრავალსაუკუნოვან ურთიერთპატივისცემას. მოხარული ვართ, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდა სტრატეგიულ პარტნიორობაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
მოხარული ვარ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ გარდამტეხი როლი უკვე შეასრულა ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით“, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.