გიორგი ამილახვარი: მასწავლებლები მიიღებენ, სულ მცირე, 200 ლარიან ზრდას, ეს არის ხელფასის უპრეცედენტო მატება

მასწავლებლები მიიღებენ, სულ მცირე, 200 ლარიან ზრდას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ხელფასის უპრეცედენტო მატება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პედაგოგების სახელფასო პოლიტიკაზე საუბრისას „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, მისთვის გაუგებარია ნებისმიერი პრეტენზია, რადგან არცერთ პედაგოგს ხელფასი არ უმცირდება.

„თავიდან, როდესაც საჯარო გახდა ფორმულა, რომლითაც მოხდება ახალი სახელფასო პოლიტიკის გაანგარიშება, მასწავლებლებში ამან კითხვები გააჩინა და ასევე გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა.

ჩვენ ვეცადეთ მათთვის კარგად აგვეხსნა რაში მდგომარეობდა ახალი სახელფასო პოლიტიკა და ახლა უკვე ვფიქრობ, ნათელია მათთვის ყველაფერი.

გარკვეულ წრეებში, მცირეში, თუმცა მაინც მუსირებს, მსგავსი ფრაზა „ხელფასი კი არ გვემატება, არამედ გვაკლდება“ – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის ხელფასის უპრეცედენტო ზრდა.

ბოლო წლების მანძილზე არცერთ პროფესიაში არ მომხდარა, ერთჯერადად ამხელა ნახტომი, რომელიც ახლა ჩვენ გავაკეთეთ.

ჩვენ დღეს გვყავს საჯარო სკოლებში სტატუსიანი, 52 000 მასწავლებელი. არ აქვს მნიშვნელობა მათ მცირე დატვირთვა აქვთ თუ დიდი დატვირთვა, მუშაობს ერთ სკოლაში თუ ორში. თუ ისინი აიღებენ დღევანდელ დატვირთვას და ძველ სახელფასო ფორმულას და მიუსადაგებენ ახალ სახელფასო ფორმულას, ისინი მიიღებენ სულ მცირე 200 ლარიან ზრდას. ეს სულ მინიმუმ 200 ლარიანი ზრდა, ეხება პედაგოგების 5-დან 7-%-ს. პედაგოგების 70%-ს კი მინიმუმ 500-დან 800 ლარამდე ეზრდება. მატება არის 600-ლარიანი, 700-ლარიანი და 800 ლარიანი.

ეს არის ის რანჟირებები, რომელიც ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით მივიღეთ და ეს ბიუჯეტს წლიურად 250 მილიონი ლარი უჯდება.

ჩემთვის გაუგებარია ნებისმიერი პრეტენზია, ხაზს ვუსვამ, არცერთ პედაგოგს ხელფასი არ უმცირდება“, – აღნიშნა ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები