3 წლიდან ხატავს. უფრო მეტად პორტრეტების და პეიზაჟების ხატვა იზიდავს. სულ ცოტა ხნის წინათ მისმა ქეთევან დედოფლის პორტრეტმა სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება მიიღო. ამჟამად ირინა ჩიტაშვილის სახელოსნოში ეუფლება ხატვას. სწავლობს გერგეტის საჯარო სკოლის მე-6 კლასში.
გაიცანით, 12 წლის მხატვარი – დავით ხარატიშვილი.
– როდის გამოამჟღავნეთ ხატვის ნიჭი? პირველი ნახატები…
– ვხატავ 3 წლის ასაკიდან. სულ პირველი ნახატები ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ მიყვარდა მულტფილმის პერსონაჟების ხატვა.
– რომელ გამოფენებში მონაწილეობთ?
– 2023-24 წლებში მონაწილეობა მივიღე ორ გამოფენაში, პროექტში – „მე მინდა საქართველო მიცნობდეს“.
– რა მასალით ხატავთ?
– მიყვარს გუაშით, პასტელით და ფერადი ფანქრებით ხატვა.
– „ირინას არტ სტუდიოში“ სწავლობთ…
– „ირინკას არტ სტუდიაში” ვისწავლე სხვადასხვა ტექნიკით და შერეული მასალით ხატვა, კომპოზიციის აგება, შუქჩრდილები, მეგობრებიც შევიძინე.
– თემები?
– უფრო პორტრეტების და პეიზაჟების ხატვა მიყვარს.
– ბოლო დროს ჯერ თამარ მეფე, შემდეგ კი მოწიწებით და რუდუნებით ქეთევან დედოფალი დახატეთ… წელს დედოფლის საიუბილეო თარიღია – დაბადებიდან 450 და გარდაცვალებიდან 400 წელი სრულდება…
– ირინა მასწავლებელმა გვითხრა, რომ დაგვეხატა თამარ მეფე ჩვენი წარმოსახვით, შემდეგ კი ინფორმაცია მოგვაწოდა ქეთევან დედოფალზე, რომ წელს ქეთევან დედოფლის საიუბილეო წელია და სანამ დავხატავდით, უნდა გავცნობოდით ქეთევან დედოფლის ცხოვრებას და მოღვაწეობას. შემდეგ კი ეს ნახატები მონაწილეობას მიიღებს შემოდგომაზე ქეთევან დედოფლის საზოგადოების მიერ დაგეგმილ გამოფენაზე. ამან ძალიან გამახარა, სტიმული მომცა და ეს პორტრეტი დავხატე.
– რამდენ ხანს ხატავთ ერთ ნახატს?
– ხან ერთი დღეც საკმარისია, ხან შეიძლება რამდენიმე დღე დამჭირდეს.
– საყვარელი მხატვრები…
– ფიროსმანი, ლეონარდო და ვინჩი და… ჩემი ირინა მასწავლებელი.
– ჰობი…
– მუსიკაც მიყვარს და სპორტიც. დავდივარ კალათბურთზე და მუსიკაზე.
– რის დახატვას აპირებთ უახლოეს მომავალში?
– მომდევნო სასწავლო წელს მინდა ჩემი მასწავლებელი დავხატო.
– გეგმები…
– მინდა მხატვარი გამოვიდე.
თამარ შაიშმელაშვილი