გენერალური პროკურორობის კანდიდატი – “არ მრცხვენია რომ ციხეში ვიყავი, რადგან არაფერი დამიშავებია”
არ მრცხვენია რომ ციხეში ვიყავი იმიტომ, რომ მე არაფერი დამიშავებია. ჩემს კლიენტს, რომ დასჭირდეს, მის გამო დღესაც გავაკეთებ ყველაფერს, როგორც ადვოკატი,- ასე უპასუხა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ლალი ბუნტურმა საპროკურორო საბჭოზე დასმულ შეკითხვას, რომელიც წარსულში მის ციხეში ყოფნას ეხებოდა.
ლალი ბუნტურს შეკითხვა დაუსვა საპროკურორო საბჭოს წევრმა ალექსანდრე მუყასაშვილმა.
“თქვით, რომ ხართ გასამართლებული, ნასამართლევი აღარ ხართ, რადგან ეს გაქარწყლებულია. წარმოადგინეთ ცნობა გაქარწყლებული ნასამართლეობის შესახებ, სადაც მართლაც ჩანს, რომ თქვენ გასამართლებული ბრძანდებით 180-ე მუხლით და ეს არის თაღლითობა და 339-ე მუხლით, ნიშნავს ქრთამის მიცემას. როგორც თქვით, ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. მაინტერესებს, თუ მიმართეთ რაიმე ზომებს, რომ მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების გადასინჯვა“, – მიმართა კითხვით მუყასაშვილმა კანდიდატს.
ბუნტურმა უპასუხა, რომ განაჩენის გადასინჯვის მექანიზმი გამოიყენა, საქმე ადვოკატთა ასოციაციაში გაასაჩივრა, რომელიც განხილვის ეტაპზეა. რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, როგორც მან განმარტა წარსულში, ქურდობაზე პირს იცავდა, საქმის მიმდინარეობისას თაღლითობის მუხლი წარუდგინეს და ასევე იყო ქრთამის მიცემის წაქეზება.
„არ მრცხვენია, რომ ციხეში ვიყავი იმიტომ, რომ მე არაფერი დამიშავებია. სასამართლოზე კითხვა დამისვეს, ვცნობდი, თუ არა თავს დამნაშავედ – არ ვცნობ თავს დამნაშავედ! დანაშაული ჩავიდინე, რომ ხელი არ შევუშალე ქრთამის მიცემას, მაგრამ ჩემს კლიენტს, რომ დასჭირდეს, მის გამო დღესაც გავაკეთებ ყველაფერს, როგორც ადვოკატი“, – განაცხადა ბუნტურმა.
ცნობისთვის, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.