თითქმის დეტექტიური ამბავი – როგორ გაეცნო კაცობრიობა ბოტულიზმს
ბოტულიზმი მწვავე ინფექციურ-ტოქსიკური დაავადება, რომლის გამომწვევია სპორებიანი ბაცილა (ანაერობული მიკროორგანიზმი — Clostridium botulinum) და მისი ტოქსინი, რომელიც, უმთავრესად, ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს. კლოსტრიდია ბინადრობს ცხოველებისა და თევზების ნაწლავებში, გარემოში (ნიადაგში) წარმოქმნის სპორებს და, ჩვეულებრივ, ნიადაგის მიკროფლორის წარმომადგენელია.
ბოტულიზმი ინტოქსიკაციით (მოშხამვით) და ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარეობს. დაავადება ვითარდება ტოქსინიანი პროდუქტის მოხმარებიდან 18-36 საათში. ყველაფერი დამოკიდებულია მიღებული ტოქსინის რაოდენობაზე და რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე მერყეობს. დამახასიათებელია მხედველობის გაორება, არტიკულაციისა და ყლაპვის დარღვევა, თვალის ქუთუთოს დამბლა. აღინიშნება აგრეთვე მუცლის ყრუ ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე.
მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ავადმყოფის დაღუპვა რამდენიმე საათში. მკურნალობა აუცილებელია სტაციონარის პირობებში, ანტიტოქსიკური შრატით.
ბოტულიზმის გამომწვევი ბაცილა ყოველთვის ადამიანების გვერდით ცხოვრობდა, მაგრამ ის მხოლოდ მე -19 საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს. 1895 წლის 14 დეკემბერს ბელგიის სოფელ ელსელში დაკრძალეს ადგილობრივი ორკესტრის ლიდერი 87 წლის ანტუან კრეტერი. რესტორან Le Rustic-ში, დაკრძალვის სუფრაძე მივიდა ბენდის 34 მუსიკოსი, გარდაცვლილის მეზობლები, ნათესავები და მეგობრები.
მაგიდაზე ბევრი ალკოჰოლი და შესანიშნავი საკვები იყო, მაგრამ ყველაზე მეტად იქ მყოფ საზოგადოებას ლორი მოეწონა, რომელიც ორი კვირის ამოეღოთ საკვამურიდან, სადაც 50 დღის განმავლობაში იბოლებოდა. საღამო დასრულდა და სტუმრები სახლში წავიდნენ. დილით 20 სახლში ერთდროულად გამოიძახეს ორი ადგილობრივი ექიმი.
ყველა პაციენტი მსგავს სიმპტომებს – დიარეას და ღებინებას – უჩიოდა. ზოგიერთს მტკივნეული შარდვაც აწუხებდა. ცოტა მოგვიანებით, ყველა პაციენტს სხვა პრობლემაც დაემატა – მხედველობის გაორება და ქუთუთოების დამძიმება. რამდენიმე ავადმყოფს პირის სიმშრალეც აწუხებდა. მიუხედავად ამისა, წყლის დალევა არ შეეძლოთ. პირველი ყლუპის შემდეგ, ფაქტობრივად, იხრჩობოდნენ და სითხე ცხვირიდან იღვრებოდა.
ცხადი გახდა, რომ სტუმრები რაღაცით მოიწამლნენ, მაგრამ დაავადების სურათი ძალიან უცნაური იყო. ექიმებმა მათ ვერაფერი უშველეს. სულ რაღაც ერთ კვირაში სამი პაციენტი მტკივნეული სიკვდილით გარდაიცვალა. დეტექტივები ქალაქიდან ელსელში ჩამოვიდნენ და ადგილობრივი მცხოვრებლები გამოჰკითხეს. მერიის თანამშრომელმა მათ უთხრა, რომ მასობრივი მკვლელობა მოხდა. სავარაუდოდ, ყველაფერში დამნაშავე გარდაცვლილის ერთ-ერთი მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, რომელმაც კონკურენტების მოშორება გადაწყვიტა.
ემილი ვან ერმენგემის აღმოჩენა
გამომძიებლები თავიანთ საქმეს პროფესიონალურად ეპყრობოდნენ და ჭორებს არ ეყრდნობოდნენ. ისინი დაუკავშირდნენ მიკრობიოლოგ ემილ ვან ერმენგემს, ნაწლავური ინფექციების სპეციალისტს. პროფესორმა გამოიკვლია ლორის ნიმუშები, რომელსაც ყველა ავადმყოფი ჭამდა. გარდა ამისა, მან გაკვეთა გარდაცვლილები და მიკროსკოპით გამოიკვლია მათი ელენთა და ღვიძლი.
ვან ერმენგემმა ანაერობული (ორგანიზმები, რომლებსაც სიცოცხლე და განვითარება გარემოში თავისუფალი ჟანგბადის არარსებობის პირობებში შეუძლიათ) ბაქტერია Clostridium botulinum აღმოაჩინა. ნარჩენები წარმოუდგენლად ტოქსიკური იყო. კურდღელი, რომელსაც ამ ტოქსინის მხოლოდ 0,0005 მილიგრამი გაუკეთეს, დაიღუპა. მეცნიერმა, ასევე, გაარკვია, რომ გარდაიცვალნენ ისინი, ვინც 200 გრამზე მეტი ლორი ჭამა, დანარჩენებმა ნელ-ნელა გამოჯანმრთელება დაიწყეს, მაგრამ გონზე მოსვლას, დაახლოებით, 6 თვე დასჭირდა
ერმენგემმა მოწამვლის სრული სურათიც დაადგინა. ღორის ხორცს შებოლვამდე კასრებში ამარილებდნენ. მის ნაჭრებს ფენებად აწყობდნენ და ავსებდნენ მცირე რაოდენობით მარილიანი წყლით. იგი მხოლოდ ქვედა ნაწილებს ფარავდა. ასე რომ, სასიკვდილო ბაქტერიები, ჟანგბადის გარეშე, სწორედ მათში განვითარდა.
ბოტულიზმი და ერკიულ პუარო
ცოტამ თუ იცის, მაგრამ გაფუჭებულმა ლორმა მსოფლიოს პოპულარული ლიტერატურული გმირი აჩუქა. მოწამვლის ამბავი გაზეთებში მოხვდა და ამის შესახებ მწერალმა აგათა კრისტიმ შეიტყო. მან დაწერა მოთხრობა „შოკოლადის ყუთი“, რომლის მთავარი გმირი დეტექტივი ერკიულ პუარო იყო, ხოლო ბრწყინვალე დეტექტივის პროტოტიპი, ცხადია – ექიმი ემილი ვან ერმენგემი.
აგათა კრისტიმ პუაროს დაბადების ადგილად სწორედ სოფელი ელსელი აქცია, სადაც მასობრივი მოწამვლა მოხდა. გმირი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ შემდეგ მწერლის შემოქმედების მთავარი გმირიც გახდა. მალე იგი ისეთივე ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში, როგორც მისი ბრიტანელი კოლეგა, კონან დოილის მიერ გამოგონილი შერლოკ ჰოლმსი.