დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნა-გამოყენების ფაქტზე ოთხი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზაციის თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს 226 402 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომლის ნაწილი გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად, ხოლო ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოტანილ იქნა ნაღდი ფულის სახით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 185-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები