შსს-მ და გენერალურმა პროკურატურამ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის სქემა გახსნა – დაკავებულია 22 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის სქემა გახსნეს, დანაშაულებრივი ჯგუფის ათეულობით წევრი გამოავლინეს, დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიციის მიერ სხვადასხვა დროსა და ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამ ეტაპზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული არის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი.

„დაკავებულ და პასუხისგებაში მიცემულ პირებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ბულგარეთის და თურქეთის მოქალაქეები.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მიმდინარე წლის 18 ივლისს, აჭარაში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელ პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.

გარდა ამისა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 3 პირი: საქართველოს მოქალაქეები და მოქმედი ადვოკატები – 1984 წელს დაბადებული მ.ზ. და 1986 წელს დაბადებული ა.ფ., ასევე თურქეთის მოქალაქე 1971 წელს დაბადებული მ.ჩ.

დაკავებული ადვოკატები იყვნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც განკარგავდნენ აღნიშნული ჯგუფის სარგებლობაში არსებულ საბანკო ანგარიშებს. ისინი, ფულის წარმომავლობის დამალვის მიზნით, თანხებს უცხოურ ვალუტაში აკონვერტირებდნენ და უკანონო ნარკოვაჭრობაში ჩართული პირების ანგარიშებზე რიცხავდნენ.

დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირები ახდენდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების: „ჰეროინის“, „კოკაინის“, „ბუპრენორფინის“, „მეტადონის“, „მეტამფეტამინის“, „ამფეტამინისა“ და „მდმას“ საქართველოში უკანონოდ შემოტანას.

ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით აფასოებდნენ და ე.წ. დადების მეთოდით სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხებს კი ათეთრებდნენ.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ავტომობილები, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ასევე ამოღებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალება – კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებული პირები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები