“საქართველო არის აბსოლუტურად ყველა სცენარისთვის მზად, ჩვენი ხალხის ინტერესები არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევს” – მათიკაშვილი

“ეს მტრული აქტი პროპაგანდისტული შინაარსის გარდა რეალურად არც არაფერს შეიცავს, რადგანაც თუკი რაიმე ფორმით სანქციებზეა საუბარი, ყოველგვარი ასეთი აქტის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღების გარეშეც, ამერიკის პრეზიდენტს აქვს სრული კარტ ბლანში ეს ყველაფერი გააკეთოს”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა,  „მეგობარი აქტის“ საპასუხოდ პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ სინამდვილეში ვხედავთ კიდევ ერთ მაშველ რგოლს ქართველი რადიკალებისთვის, რომელსაც [ასრულებს] ჯო უილსონი – მანამდე რომ ჩვენს პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა თანამდებობის პირებს სთავაზობდა თავის მომსახურებას და ვერ მოძებნა სათანადო ნიადაგი, ის თავიდან ბოლომდე გადაერთო რადიკალების სამსახურში. კეზერაშვილისგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი რა განცხადებებს და რა კანონპროექტებს მოამზადებს, გასაგებია.

ჩვენ გვაქვს ძალიან ცალსახა და ხაზგასმით თავსებადობა იმ საჯარო განცხადებასთან და პოლიტიკასთან, რაც გააჩნია შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს და ადმინისტრაციას. ამ ღირებულებითი თანხვედრის პირობებში ბუნებრივია, რომ მოლოდინი არსებობს იმისა, რომ ჩვენს შორის ურთიერთობები გახდება ნამდვილად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი და არსებული. ამ ყველაფრის იმედი ჯერ კიდევ არის, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დაგვიანებულია შეერთებული შტატების მხრიდან რეაქცია, პრემიერმა ღია წერილით ყველა ფაქტს საკუთარი რეალური შეფასება მისცა.

ბურთი ახლა არის შეერთებული შტატების მოედანზე, ჩვენ დაველოდებით პასუხს, თუმცა, საქართველო არის აბსოლუტურად ყველა სცენარისთვის მზად, ჩვენი ხალხის ინტერესები არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები