“ჩვენ ვართ მუდმივად მზად ღია პარტნიორული ურთიერთობისთვის სამართლიან ჭრილში” – მათიკაშვილი
“დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და ჩვენ უნდა ვამბობდეთ იმას, რომ, საბოლოო ჯამში, როდესაც უსამართლო დამოკიდებულებას დაესმება წერტილი, როდესაც საღად შეხედავენ ევროპული ქვეყნის ლიდერები და ევრო ბიუროკრატიაც არსებულ რეალობას და ქართველი ხალხის მიმართ გამოიჩენს სათანადო პატივისცემას – ეს პროცესის გალღობის პირველი ნიშანი იქნება”, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე საუბრისას განუცხადა.
„ჩვენ ვნახეთ კონკრეტული კადრები, როდესაც თვითონ მიბრძანდებოდნენ ევროპული ქვეყნის ლიდერები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. მათ ჰქონდათ სურვილი პრემიერთან დიალოგის და ეს კარგად იხილა ყველამ, მათ შორის რადიკალურმა ოპოზიციამაც.
ჩვენ ვართ მუდმივად მზად ღია პარტნიორული ურთიერთობისთვის სამართლიან ჭრილში. როდესაც უსამართლობა, ძალმომრეობა და მცდელობა, ქვეყნის მოსახლეობის 1 120 000 ადამიანის ნება-სურვილის იგნორირება არ მოხდეს და მათ ყური დაუგდოს ევროპელმა ლიდერებმა, ბუნებრივია ამ მონეტიდან იქნება ძალიან ლაღი, საღი, ღია და გახსნილი საჯარო ურთიერთობა ყველასთან. ჩვენ ვართ მზად ყველა სცენარისთვის, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი საზოგადოების და ხალხის ინტერესებს არ დავთმობთ არც ერთი წამით“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.