ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს მსოფლიო ჯილდო – The Best in Heritage – Project of Influence („მემკვიდრეობაში საუკეთესო – გავლენის პროექტი“) გადასცა

მუზეუმების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს კიდევ ერთი მსოფლიო ჯილდო – The Best in Heritage – Project of Influence (მემკვიდრეობაში საუკეთესო – გავლენის პროექტი) გადასცა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა მსოფლიო ჯილდო 2024 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მიიღო.
European Heritage Association (ევროპის მემკვიდრეობის ასოციაცია), Europa Nostra-თან პარტნიორობით, CreativeEurope-ის მხარდაჭერითა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) პატრონაჟით ყოველწლიურად ავლენს სამუზეუმო, კულტურული მემკვიდრეობისა და კონსერვაციის სფეროში ყველაზე ინოვაციურ, შთამაგონებელ და უკვე წარმატებულ პროექტებს შორის საუკეთესოს.
The Best in Heritage – Project of Influence – კენეტ ჰადსონისა და ჟორჟ-ანრი რივიერას ხსოვნას ეძღვნება და ყოველწლიურად გადაეცემა წარმატებულ, ჯილდოს მფლობელ მუზეუმს.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი უკვე არის ევროპის 2023 წლის მუზეუმების პრემიისა და სილეტოს პრიზის მფლობელი.
ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველი ომარ გაბუნია და მუზეუმის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები