ზესტაფონის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის ფიზიკური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქ. ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტს ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ, მოადგილე აკაკი მშვიდობაძესა და ქ. ზესტაფონის მერ ვასილ გველესიანთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ქსელის, მაგისტრალური მილის, აღრიცხვის კვანძის, სატუმბი სადგურის, ერთი ახალი რეზერვუარის მშენებლობა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია.
ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 10% უკვე შესრულებულია. პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც, ქ. ზესტაფონის ადგილობრივი მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იმერეთის რეგიონის 15-ზე მეტ ლოკაციაზე 20-მდე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტს ახორციელებს. პროექტების ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აჭარბებს, მათ შორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით მიმდინარე პროექტების ღირებულება 866 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების ღირებულება დაახლოებით 180 მილიონ ლარს შეადგენს.
პროექტების დასრულების შემდეგ იმერეთის მოსახლეობის 90 000- მდე ბენეფიციარი 24-საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.