ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის – „ქართული ხელნაწერის“ პროექტი განხორციელდა
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უკვე მერვედ განხორციელდა პროექტი – ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა: „ქართული ხელნაწერი“.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სკოლის გახსნის ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა მარუაშვილმა, ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელნაწერი მემკვიდრეობის ცენტრის მკვლევარმა, დოქტორმა ემილიო ბონფოლიომ და პროექტის კოორდინატორმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახურის ხელმძღვანელმა ირინა გოგონაიამ.
პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და ლუვენის უნივერსიტეტის (UCLouvain, ბელგია) ჩართულობით.
ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მიზანია: ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის – ქართული დამწერლობის – საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენა; ქართული ხელნაწერი ტრადიციის, როგორც კულტურათაშორისი ურთიერთობების პროდუქტის, მრავალმხრივობის წარმოჩენა; ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა სამომავლო თანამშრომლობისათვის საფუძვლის შექმნა და თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, კავკასიის უნივერსიტეტიდან და სხვ.; ასევე, უცხოელი მსმენელები გენტის (ბელგია), ზალცბურგის (ავსტრია), ჰარვარდის (აშშ), რომის (იტალია) უნივერსიტეტებიდან, რიტმანის კვლევითი ინსტიტუტიდან (ნიდერლანდები) და უძველესი ცივილიზაციების ისტორიის ინსტიტუტიდან (ჩინეთი).
პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში.