შალვა იაშვილის ადვოკატი: რენატა ბეგიაშვილს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, იაშვილი მოძალადე არ არის

მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული შალვა იაშვილის ადვოკატის, თეონა გვაზავას განცხადებით, რენატა ბეგიაშვილს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

ამასთან, როგორც უფლებადამცველმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რენატა ბეგიაშვილმა კონფლიქტის დღეს იაშვილს კისერზე დეკორაციული ჯაჭვი შემოახვია და ახრჩობდა.

„ვინმე ამბობს, რომ შალვა იაშვილმა დაარტყა ბეგიაშვილს? პირიქით, ოთხივე ადამიანი ამბობს, რომ რენატა ბეგიაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას შალვა იაშვილს…
რენატა ბეგიაშვილმა შალვა იაშვილს დეკორაციული ჯაჭვი შემოხვია კისერზე, ახრჩობდა, შალვა იაშვილმა შეძლო და მოიშორა რენატა ბეგიაშვილი“, – განაცხადა სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა, თეონა გვაზავამ.

ადვოკატის თქმით, საგამოძიებო ორგანოების მიერ ამოღებულია დანა დაზიანებულ მდგომარეობაში, რომლის გამოყენებასაც რენატა ბეგიაშვილი შალვა იაშვილის მიმართ აპირებდა.

გვაზავას განმარტებით, იქ მყოფი ოთხი ადამიანი რომ არა, არავინ იცის, რა შედეგი დადგებოდა.

ადვოკატის მტკიცებით, შალვა იაშვილი მოძალადე არ არის.

შეგახსენებთ, პროკურატურამ მეუღლის – რენატა ბეგიაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შალვა იაშვილს ბრალდება წარუდგინა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, 22 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იაშვილმა მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეზე მას მიაყენა დაზიანებები.
შალვა იაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები