რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, დაწესებული სპეციალური რეჟიმის შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და სატვირთო ავტოტრანსპორტი. მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილის 7 საათიდან დაიწყო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჟამად, მოძრაობა თავისუფალია და, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებულია მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან.
რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები აგრძელებენ 24-საათიან მკაცრ მონიტორინგს. ასევე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი სპეციალური რეჟიმებით:
• მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
• მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირთო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
• საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
• შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს. აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.