საქართველოს გენერალური პროკურატურა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კადრებს ავრცელებს.
საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ კადრებში ვაკის პარკის ცენტრალურ შადრევანში მაღალი ძაბვის დაზიანებული ელექტროკაბელი და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესია ნაჩვენები.
„22 სექტემბერს, დილის საათებში, ხელოსნები მივიდნენ ცენტრალურ შადრევანთან, მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შესრულება.
სამუშაოების მიმდინარეობისას, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტრო ძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი მოაყოლეს. აღნიშნულის გამო, დაზიანდა ელექტრო კაბელის იზოლაცია და მოხდა დენის წყალში გაჟონვა.
„გრინ სერვის+“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.
თავის მხრივ, „გრინ სერვის +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა არ გადაამოწმა მის მიერ დაქირავებული ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაო. ხოლო, „გრინ სერვის +“-ის სამუშაოთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.
აღნიშნულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტრო სადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს ბრალდება წარუდგინა.
შსს-მ აღნიშნულ საქმეზე 9-ვე პირი 18 ოქტომბერს დააკავა. დაკავებულებს შორის არიან „გრინსერვის +“- ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე, „მშენ ექსპერტ სერვისის“ ინსპექტორი დავით თუშიშვილი, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.