საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს.
ქალაქ ჯიდაში მიმდინარე შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და სამხედრო თანაშემწე პავლო პალისა წარმოადგენენ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე განაცხადა, რომ ისინი „უკრაინის ინტერესებს დაიცავენ, მკაფიო ხედვით, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი“.
ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, განუცხადეს Associated Press-ს, რომ უკრაინის დელეგაცია ასევე მზად არის მოლაპარაკებების დროს ხელი მოაწეროს კრიტიკულ წიაღისეულზე შეთანხმებას აშშ-სთან.
ასევე, მოსალოდნელია, რომ კიევი შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარებისა და დაზვერვის გაზიარების განახლებისკენ უბიძგებს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გასულ კვირას ორივე შეწყვიტა.
აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი შედიან.