“ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ, რომელიც გარედან იყო თავს მოხვეული, ეფექტურად არ იმოქმედა და პირიქით, ეს პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდა” – იონათამიშვილი
“ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ, რომელიც გარედან იყო თავს მოხვეული, ეფექტურად არ იმოქმედა და პირიქით, ეს პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდა, რაც უკვე კრიტიკულ ნიშნულამდე არის მისული”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ანტინარკოტიკულ რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი ამოცანა არის, რომ შევქმნათ ეფექტური და პროპორციული სამართლებრივი მექანიზმები იმისათვის, რომ სახელმწიფომ ეფექტურად ებრძოლოს ნარკოდანაშაულს. რაც შეეხება რაოდენობებს, ის დეფინიციები, რაც დღეს არის ჩვენს კანონმდებლობაში არ შეესაბამება იმ რეალობას, რა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ. ამიტომ ეს სრულ გადახედვას საჭიროებს. ხდება სამწუხაროდ ის ფაქტები, რომ ახალი სახეობები ემატება, რაც კიდევ უფრო ართულებს ამ სიტუაციას. დოზირებების საკითხი, სხვა საკითხები სამართლებრივ პასუხს საჭიროებს. შესაბამისად, სრულ კონტექსტში იქნება ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი ის, რაც რეალურ, ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ ბერკეტებსა და მექანიზმებს შექმნის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” ცვლილებებს ამზადებს, რომლებიც სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე, სხვა კანონებში შევა.