არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლება უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი
„არაერთხელ მოვისმინეთ ოპოზიციისა და ოპოზიციის მიერ მართული არხების მხრიდან ასეთი დეზინფორმაცია და ცილისმწამებლური განცხადებები”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ კითხვას – შემოვიდა თუ არა ფოთის პორტში რუსული ტვირთი და არის თუ არა ეს რუსეთისთვის დახმარება, რომ სანქციებს გვერდი აუაროს.
თალაკვაძის თქმით, საქართველო საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ და ვერ გახდება.
„არაერთხელ მოვისმინეთ ოპოზიციისა და ოპოზიციის მიერ მართული არხების მხრიდან ასეთი დეზინფორმაცია და ცილისმწამებლური განცხადებები. მესმის, რომ თქვენ საქართველოს რეპუტაცია არ გაღელვებთ, უფრო მეტად თქვენი ვიწროპარტიული ინტერესები, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, საკითხი გაირკვა. ცხადია, რომ საქართველო არ და ვერ გახდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ადგილი, ეს არის გამორიცხული. საქართველო დგას იქ, სადაც დგას მთელი დასავლური თანამეგობრობა. „ნაციონალური მოძრაობის“, მის მიერ მართული არხების პროპაგანდა, თითქოს ყოველკვირა რაღაც ტვირთი შემოდის და სანქციების რეჟიმი ირღვევა, ეს არის სიცრუე. რეალურად, ხელისუფლება უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი“, – განაცხადა თალაკვაძემ.