კარებისა და კლიტეების გარეშე – ინდური სოფელი, სადაც არავინ არაფერს იპარავს

ინდოეთის სოფელ შანი შინგნაპურში არის ბანკი, რაც ძალიან გასაკვირია, მაგრამ დოკუმენტურ ფილმებს ამ სოფლის შესახებ ბანკის არსებობის გამო კი არ იღებენ, არამედ იმის გამო, რომ ბანკი ერთადერთი შენობაა სოფელში, რომელსაც კარი აქვს. წარმოიდგინეთ, რომ ისიც არ იკეტება: ის შენობას მძარცველებისგან კი არა, უსახლკარო ძაღლებისგან იცავს.

აქაურ მოსახლეობას არ სჭირდება არც კარი და არც კლიტე. „ყველა, ვინც გაბედავს რამის მოპარვას, დაისჯება – მას შვიდწლიანი უიღბლობა ეწვევა. გარდა ამისა, მონაპოვართან ერთად, ბოროტმოქმედი მიმალვას ვერსად შეძლებს. მთელი ღამე მას ეგონება, რომ ბევრი იარა, მაგრამ გამთენიისას აღმოაჩენს, რომ ადგილიდან არ დაძრულა.“ – ასეთია აღთქმა ღვთაება შანისა, რომელსაც მთელი სოფლის მოსახლეობა ეთაყვანება.

ასობით წელია, ადგილობრივები არ უშინდებიან ყაჩაღობას. ისინი ღამით კარის ადგილას რაიმეს აყუდებენ, რათა გარეული ცხოველები სახლში არ შევიდნენ. ქუჩებში გაჩერებულ ავტომობილებს არ კეტავენ, მაღაზიის მეპატრონეები ფულს ხის ყუთებში ინახავენ და არავინ ცდილობს ძვირფასეულობის გადამალვას.

ლეგენდის თანახმად, ძალიან დიდი ხნის წინ მდინარის პირას, რომელიც სოფელ შანი შინგნაპურთან ახლოს მიედინება, დიდი ქვა იპოვეს. როდესაც მას ვიღაც შეეხო, ქვიდან სისხლმა დაიწყო დენა. იმავე ღამეს იმ ადამიანს დაესიზმრა ღვთაება შანი, რომელმაც უთხრა, რომ ეს ქვა მას გამოსახავდა და დაარიგა, ქვა, იქაურობის დაცვის მიზნით, სოფელში დაეტოვებინათ. სოფლის მოსახლეობა ასეც მოიქცა. მას მერე მათ კარი არ დასჭირვებიათ.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ერთ-ერთმა მოსახლემ გადაწყვიტა, საკეტი დაეყენებინა საკუთარ სარდაფის კარზე და მომდევნო დღეს ტრაგიკულად დაიღუპა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში სოფელი შანი შინგნაპური გარიყული ცხოვრებით ცხოვრობდა, სანამ ბოლივუდიდან გადამღები ჯგუფი არ ჩამოვიდა. ამბავი სოფლის შესახებ, რომელსაც კარი არ გააჩნია, ძალიან მალე გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ის პოპულარულია ტურისტებში. სამწუხაროდ, შანი შინგაპურის სტუმრებმა სოფელში დანაშაულის დონე გაზარდეს. 2010 წელს შანი შინგნაპურში, ოფიციალურად, პირველი ძარცვა დაფიქსირდა. ვიღაცამ 35 რუპია მოიპარა. ერთი წლის მერე მღვდელმთავარი გაძარცვეს, შემდეგ კი ტაძარიც, მაგრამ კარის ადგილი შენობებში მაინც ცარიელი რჩება. მძარცველებსაც არ ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები